ცოლ-ქმრისა და 4 წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული მწყემსი მალხაზ კობაური აცხადებს, რომ მას სმიტები არ დაუხოცავს. ამის შესახებ მან მცხეთაში მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.
19 წლის ბრალდებული ამბობს, რომ ისინი ორმა უცხოელმა კაცმა დახოცა.
„ისინი მე არ დამიხოცავს. ორი უცხოელი მამაკაცი იყო და იმათ დახოცეს. მე დამემუქრნენ, რომ ოჯახს ამომიწყვეტდნენ“, – განაცხადა კობაურმა.
შეგახსენებთ, რომ ხადას ხეობაში სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაკავებულია ერთი პირი. 19 წლის მწყემსს გამოძიება სამი პირის მკვლელობას ედავება, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვის.
კობაურს ბრალი ოფიციალურად გუშინ წარედგინა. ამ წუთებში კი სასამართლო მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
ვიდეო: მარიამ ქართველიშვილი