ახალი ამბები მთავარი სამართალი

ტარიელ ონიანის დაჯგუფების წევრი თეა წულუკიანს მიმართავს

გავლენიანი „კანონიერი ქურდი“, ტარიელ ონიანის ქუთაისური კლანის ერთ-ერთი ლიდერი რამაზ ძნელაძე რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გაათავისუფლეს. ამჟამად ის სადეპორტაციო სამსახურშია გადაყვანილი და ჩვენი ინფორმაციით, უახლოეს დღეებში საქართველოში გამოამგზავრებენ.

მიუხედავად იმისა, რომ ძნელაძე ოფიციალურად საქართველოს მოქალაქე არ არის და მან მოქალაქეობა რამდენიმე წლის წინათ საკუთარი ნებით დაკარგა, რუსული მხარე მას მაინც საქართველოში უპირებს დეპორტაციას. გამომდინარე იქიდან, რომ რამაზ ძნელაძეს ამ ეტაპზე არცერთი ქვეყნის მოქალაქეობა არ აქვს, მან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილობით მიმართა და მოქალაქეობის აღდგენა მოითხოვა, თუმცა ჯერჯერობით უცნობია, დააკმაყოფილებს თუ არა წულუკიანის უწყება „კანონიერი ქურდის“ მოთხოვნას.

ბოლოს რამაზ ძნელაძე რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, მოსკოვში დააკავეს, რა დროსაც ყალბი პასპორტი და ნარკოტიკი აღმოუჩინეს.

სააგენტო „როსბალტის“ ინფორმაციით, ძნელაძე ივან ფრანკოს ქუჩაზე დააპატიმრეს. დაკავებამდე მან აზერბაიჯანის მოქალაქის, რუსლან აჰმედ ოღლის პასპორტი წარადგინა.

„როსბალტის“ ცნობით, ძნელაძე მოსკოვში დანაშაულებრივ ჯგუფს ხელმძღვანელობდა, რომელიც ბინების ძარცვით იყო დაკავებული.

„ქუთაისის“ ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მას დიდი გავლენა ჰქონდა“, – წერს სააგენტო.

სამართალდამცველების ინფორმაციით, ძნელაძე კუნცევოს საავტომობილო ბაზარსაც აკონტროლებდა და ტარიელ ონიანის კლანის ერთ-ერთი გავლენიანი ლიდერი გახლავთ.

მოსკოვის სასამართლომ ძნელაძეს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და მან სასჯელის მოხდის ვადა, რამდენიმე კვირის წინ ამოწურა. თუმცა მანამდე, მისი საქმის განხილვა საკმაოდ დიდი სკანდალების ფონზე მიმდინარეობდა. საქმე იქამდეც მივიდა, რომ მომეტებული საფრთხის გამო მოსამართლეს გაძლიერებული დაცვა დაუნიშნეს.

როგორც ძალოვნებმა „რია ნოვოსტის“ განუცხადეს, ძნელაძის სასამართლო პროცესზე უცნობი პირები სერიოზულ ზეწოლას ახდენდნენ. ისინი რეგულარულად ემუქრებოდნენ მოსამართლეს, სახელმწიფო ბრალმდებელს და შსს-ს ოპერმუშაკებს. პროცესის რამდენიმე მონაწილემ მოითხოვა კიდეც სახელმწიფო დაცვა. მსგავსი სიტუაცია, როგორც სამართალდამცველები ამბობენ, 90-იანი წლების შემდეგ აღარ უნახავთ.

სასამართლო პროცესები იმ მუხლებით, რაც ძნელაძეს ჰქონდა წაყენებული – ყალბი პასპორტის გამოყენება და ნარკოტიკული საშუალებების შენახვა – როგორც წესი, ორ დღეს გრძელდება ხოლმე. თუმცა აღნიშნული საქმე უსასრულოდ გაჭიანურდა არა მარტო დაცვის მიერ მოთხოვნილი მრავალრიცხოვანი და ძვირად ღირებული ექსპერტიზების გამო, არამედ იმიტომაც, რომ არაერთხელ იყო მცდელობა, პროცესი ჩაეშალათ.

თავად ძნელაძე კი აცხადებდა, რომ „მოკლავდა პროკურორს და ყველას ააფეთქებდა“. ყველაზე ცუდ დღეში სახელმწიფო ბრალმდებელი იყო, რომელსაც „ავტორიტეტის“ გულშემატკივრები დასდევდნენ.

„პროკურორს უკან დაჰყვებოდა მანქანა, მასთან მიდიოდნენ სახლში, რის შემდეგაც სახელმწიფო დაცვის გამოყოფა გახდა საჭირო“, – ამბობს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელი.

მუქარამ გაჭრა კიდეც და შს სამინისტროს თანამშრომელმა, რომელმაც ძნელაძე დააკავა, მისი ოჯახის მიმართ მუდმივი მუქარის გამო სასამართლოში ჩვენებაც კი შეცვალა. ხოლო მოსამართლე, რომელიც საქმეს განიხილავდა, ამბობს, რომ მუქარა მისი მისამართითაც ინტენსიური იყო. ამის გამო მასაც დაცვა გამოუყვეს.

55 წლის რამაზ ძნელაძე რუსი სამართალდამცველებისთვის კარგად ცნობილი და გავლენიანი „ავტორიტეტია“. ის პირველად 1989 წელს დააკავეს, „კანონიერ ქურდ“ გიორგი უგლავასთან (ტახი) და მალხაზ მინდაძესთან ერთად.

ციხეში ძნელაძემ საკმაოდ დიდი გავლენა მოიპოვა. 1992 წლის აპრილში, სწორედ მისი ბრძანებით, საგამოძიებო იზოლატორში მყოფმა პატიმრებმა შიმშილობა გამოაცხადეს. მაშინ რამაზ ძნელაძე პირადად მივიდა იზოლატორის ხელმძღვანელთან და მოთხოვნები წაუყენა: კანონმდებლობის შეცვლა, ამნისტია, დუმის დეპუტატებისა და პრესის წარმომადგენლების საპატიმროში მიწვევა.

რამაზ ძნელაძის საქმის განხილვა რუსეთში საკმაოდ დიდი ხმაურით მიმდინარეობდა. ვნახოთ, როგორ ჩაივლის მისი დაკავება საქართველოში. „კანონიერი ქურდობის“ ბრალდებით მას ხელბორკილებს, სავარაუდოდ, თბილისის აეროპორტშივე დაადებენ.

წყარო: პრაიმთაიმი

იტვირთბა....