ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მკვლელობაში ბრალდებული მწყემსის დედა: “ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა”

ხადას ხეობაში, ამერიკის და საქართველოს მოქალაქეების მკვლელობაში ბრალდებულის დედამ განაცხადა, რომ მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი ამას არ ჩაიდენდა.

მისი თქმით, 7 ივლისს თავის შვილს ტელეფონით ესაუბრა, რომელმაც მოუყვა, რომ ხეობაში ტურისტები მოკლეს.

დაკავებულის დედა შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ობიექტური სიმართლის დადგენას ითხოვს.

“მე დარწმუნებული ვარ, ჩემი შვილი მაგას არ ჩაიდენდა. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა სამინისტროს, წესიერად გამოიკვლიოს ეს საქმე და გამაგებინონ სწორი პასუხი. ეს ჩემი შვილის გაკეთებული არ არის. ბოლოს 7 ივლისს დამირეკა, მოვიკითხე როგორ ხართქო და მითხრა, რომ კარგად იყო. მითხრა, ძალიან დიდი უბედურება მოხდა, ტურისტები დახოცესო – ეს იყო სულ ჩვენი საუბარი. მომიყვა, ბევრი ხალხი ტრიალებს დაბლა ჭალაზეო და ეს იყო სულ“, – განუცხადა დაკავებულის დედამ ტელეკომპანია „იმედს“.

დაკავებულის მეზობლის განცხადებით კი, 19 წლის ბიჭს პოლიციასთან საქმე არასდროს ჰქონია.

“ბავშვი ისე გაიზარდა, რომ გამარჯობის თქმა ერიდებოდა, საცოდავი ბავშვი იყო. მამა ავადმყოფი ჰყავს, გაჭირვებული ოჯახია, იმისთვის იყო წასული, რომ ოჯახი ერჩინა“, – განაცხადა დაკავებულის მეზობელმა.

ხადას ხეობაში მომხდარი საზარელი მკვლელობის ფაქტზე 1998 წელს დაბადებული მ.კ დააკავეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გამართულ ბრიფინგზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა მამუკა ჭელიძემ განაცხადა. მისი თქმით, ჩადენილი დანაშაული უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

 

იტვირთბა....