ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

განათლების სამინისტრო გრიფირების პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტროს განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ სექტემბრიდან პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალი სახელმძღვანელოებით ისწავლიან.

„ახალ სასწავლო წელს, პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეები ახალი, გრიფირებული სასკოლო სახელმძღვანელოებით ისწავლიან და ამ მიმართულებით რაიმე შეფერხება არ არსებობს. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს გრიფირების პროცესი გაურკვეველი ვადით შეჩერდა, არ შეესაბამება სიმართლეს. ამ ეტაპზე, გრიფირების პროცესი ფაქტობრივად დასრულებულია, გამოცხადებულია ბეჭდვის ტენდერი და ამოცანა, რომ ახალი სასწავლო წლისთვის პირველი-მეექვსე კლასების მოსწავლეებს ახალი სახელმძღვანელოები ჰქონდეთ, კვლავ ძალაშია. რაც შეეხება „ინფორმაციული და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების“ მე-5 და მე-6 კლასების სახელმძღვანელოებს, ერთ-ერთი გამომცემლის მიერ დაფიქსირებული საპრეტენზიო განაცხადიდან გამომდინარე, ამ კონკრეტულ სახელმძღვანელოს განხილვის პროცესი შეჩერებულია ექსპერტიზის დასრულებამდე. შესაბამისად, სამინისტრო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ ახალი სასწავლო წლიდან 1-6 კლასების მოსწავლეები გრიფირებული სახელმძღვანელოებით ისწავლიან“, – ნათქვამია განცხადებაში.

იტვირთბა....