ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე შექმნილი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ზვიად კუპრავამ განაცხადა, რომ კახა სირაძე ვალში იყო მირზა სუბელიანთან, ამის გამო სირაძე „უყურადღებოდ“ მოექცა ფარდულის განადგურებას.
ზვიად კუპრავამ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივ-გამომძიებლის კახა სირაძის საქმე გაიხსენა, რომელმაც, კუპრავას თქმით, მირზა სუბელიანის დამსახურებით შეინარჩუნა თანამდებობა, რის შემდეგაც კახა სირაძე მირზა სუბელიანთან ვალში იყო.
„ადამიანი, რომელსაც ვალდებულება ჰქონდა ფარდული ყოფილიყო დაცული, არის კახა სირაძე – მკვლელობების განყოფილების უფროსი და მის განყოფილებას უნდა ეწარმოებინა ყველა საჭირო ღონისძიება რათა ფარდული ყოფილიყო დაცული.
რატომ მიუდგა სირაძე გულგრილად ? ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ კახა სირაძე როდესაც მერაბიშვილი დაიჭირეს, თანამშრომლებთან და უახლოეს მეგობრებთან ერთად დაიბარეს გენერალურ ინსპექციაში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ ეს პირები იყვნენ ვანო მერაბიშვილის გარემოცვა და მოსთხოვეს მათ „პატაკების“ დაწერა და სამსახურიდან წასვლა. მათ დაწერეს „პატაკები“ სამსახურიდან წასვლაზე, თუმცა თარიღი გენინსპექციის მოთხოვნით არ იყო დასმული, რის შემდეგაც კახა სირაძემ დაურეკა მის უახლოეს მეგობარს მირზა სუბელიანს და სთხოვა შუამდგომლობა, რათა მათ დახმარებოდნენ. კახა სირაძემ სთხოვა, რომ შუამდგომლობა გაეწია რათა ეს ადამიანები სამსახურიდან არ წასულიყვნენ. თავის მხრივ, სუბელიანმა გაუწია შუამდგომლობა და მათი ნაწილი, დატოვეს შსს-ს ორგანოებში, მათ შორის კახა სირაძე. ეს იყო მირზა სუბელიანის დამსახურება. მას შემდეგ რაც მოხდა ხორავას ქუჩაზე სისხლიანი ტრაგედია, სუბელიანი დაუკავშირდა კახა სირაძეს, რომელიც ვალში იყო მასთან და უთხრა, რომ ფარდულისთვის მიექცია ყურადღება“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.
მანვე კომისიას მიმართა, ფაქტის დასადასტურებლად ამოღებული იყოს სუბელიანის და სირაძის სატელეფონო საუბრების სიხშირე 1-2 დეკემბერს.
„ესეც იქნება ირიბი მტკიცებულება. ამის შემდეგ კახა სირაძემ გააკეთა ის, რომ მოიქცა გულგრილად, არ მოხდა დაცვა მტკიცებულების და ამ მტკიცებულების, მკვლელობის ადგილის დანგრევა მოხდა“, -განაცხადა ზვიად კუპრავამ.