ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

თალაკვაძე: “მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია”

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ „ევროპული საქართველოს“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ე.წ. ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში გარდაცვლილი პირებიც არის შეყვანილი უპასუხა, რომ ეს ის ოპოზიციაა, რომელიც 33 ადამიანისგან შემდგარ სიაში მხოლოდ ორს ხედავს და 31 ადამიანს ვერა – ეს აჩვენებს, თუ რაზე არიან ეს ადამიანები ორიენტირებული.

თალაკვაძის განმარტებით, საქართველოს მთავრობას სიაში შეყვანილი პირების გარდაცვალებასთან დაკავშირებით ოფიციალური ცნობები არ მიუღია.

„ჩვენი მხრიდან ცალმხრივად იმის ჩათვლა, რომ ეს ადამიანები გარდაცვლილები არიან, იურიდიულად სწორი არ არის,” – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

რაც შეეხება აღნიშნულ სიას ზოგადად, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიას არავითარი კავშირი არ აქვს აფხაზეთსა და ცხინვალში მცხოვრებ საზოგადოებასთან, ოჯახებთან და იმ ურთიერთობებთან, რომელიც ქართველებს აფხაზ და ოს ძმებთან აქვს.

“საკითხის ინტერპრეტაცია არასწორია და უსარგებლო მცდელობაა. ჩვენ სამშვიდობო ინიციატივებს გავაგრძელებთ. რაც შეეხება კრიმინალებსა და დანაშაულის ჩამდენ პირებს, ისინი მართლმსაჯულების წინაშე წარსდგებიან. სია დახურული არ არის, მასში, შესაძლოა, ცვლილებები შევიდეს – შესაძლოა, სხვა გვარებიც დაემატოს მას შემდეგ, რაც ტატუნაშვილის მკვლელობაში მონაწილე სხვა პირებს ბრალი წარედგინებათ. ჩვენთვის პრინციპული იყო როგორც ოთხოზორიას, ასევე ტატუნაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული, ბრალდებული და შესაძლო მონაწილე პირები ყოფილიყვნენ სიაში შეყვანილი და ასეცაა გაკეთებული. თუ აფხაზეთიდან ან ცხინვალიდან სერიოზულ მონაცემებს მივიღებთ, სიის ცვლილებას სერიოზულად განვიხილავთ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობამ გუშინდელ სხდომაზე „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია“ დაამტკიცა, რომელშიც 33 პირისგან შედგება. ოპოზიციამ დღეს გაავრცელა ინფორმაცია, რომ სიაში რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანია შეყვანილი.

იტვირთბა....