მიხეილ კალანდიას ქმედებებში, რომელსაც ხორავას ქუჩაზე მიმდინარე კონფლიქტის დროს ჰქონდა ადგილი, მკვლელობაში თანამონაწილეობა არ იკვეთება. ამის შესახებ საქმის პროკურორი ზვიად ფხაკაძე საუბრობს.
როგორც ფხაკაძემ აღნიშნა, დანაშაული, რომელიც შეიძლება კალანდიას ჩაედინა, შესაძლოა, ცემით დაკვალიფიცირდეს. მიხეილ კალანდიას ქმედების სამართლებრივი შეფასების თაობაზე კითხვა პროკურორს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მდივანმა ოთარ კახიძემ დაუსვა.
„მ.კ. როდესაც მიდის ფარდულამდე, სასამართლო სხდომის ოქმებში რაც ფიქსირდება იმის ციტირებას ვახდენ, იმ მომენტში უკვე გ.ბ.-ს, ჩვენი ვერსიით დაჭრილი ჰყავს დათოს სარალიძე, შესაბამისად, საქმის გარემოებებით, არ დასტურდება, რომ გ.ბ. როდესაც დანას არტყამს სარალიძეს, მ.კ. იმყოფება ფარდულში და მუშტებს ურტყამს სარალიძეს. როდესაც მ.კ. მიდის ფარდულთან, გ.ბ. შემობრუნებულ დათოს არტყამს და გადადის „პასატის“ ავტომანქანის მიმართულებით. მ.კ. თვითონ საუბრობს, რომ გ.ჯ. როდესაც ურტყამს დათოს, ექაჩება სარალიძეს და მარცხენა მხარეს არტყამს ხელს.
ამის განზრახვა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი რა არის? კალანდიას მიზანი ის კი არ არის, რომ დაუჭიროს ან გაუკავოს სარალიძეს ხელი, არამედ მისი მიზანია მოაშოროს დათო სარალიძე გ.ჯ.-ს, რომელიც დაბლა ყავს დაჭერილი ხელებით. რაც შეეხება კალანდიას ჩვენებაში სიტყვა „მოეშვას“, ეს იმიტომ წერია, რომ ამ დროს დათო უკვე დაჭრილია. რამდენიმე წამში უკვე რეფლექსების მოდუნებას იწვევს ეს დაზიანება. ჩვენ ამ ყველა გარემოებებიდან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ თანამონაწილეობა არ არის. სხვა დანაშაულს რაც შეეხება, ცემის ფაქტს შეიძლება ჰქონდა ადგილი“, – განაცხადა ზვიად ფხაკაძემ.
პროკურორის ამ განმარტებამდე კომისიის სხდომაზე ოთარ კახიძემ შემდეგი კითხვა დასვა: „როდესაც ორი პირი დავით სარალიძეს დანას ურტყამს, ხოლო მიხეილ კალანდიას ის ხელით ყავს გაკავებული, მაინტერესებს თქვენი შეფასება, არის თუ არა ეს მკვლელობაში თანამონაწილეობა?“
ოთარ კახიძემ დანაშაულის დაფარვისთვის ბრალდებული პირის მიხეილ კალანდიას ჩვენებებიდან ამონარიდები მოიყვანა, სადაც კალანდია იხსენებს თუ როგორ ურტყავენ გ.ბ და გ.ჯ დანებს დავით სარალიძეს, ამასთან, კალანდია ამბობს, რომ მანაც დაარტყა რამდენჯერმე სარალიძეს სახეში მუშტი.