ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეიდან ატესტატის მიღება სკოლადამთავრებულებს იუსტიციის სახლებში შეეძლებათ

სკოლადამთავრებულებს ატესტატის აღება დღეიდან იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შეეძლებათ.

მიმდინარე წელს 12 კლასდამთავრებული 40 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული და ისინი ატესტატებს – სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებს განაცხადის წარდგენის დღიდან მე-10 სამუშაო დღეს უფასოდ მიიღებენ.

ატესტატის მისაღებად აბიტურიენტმა იუსტიციის სახლებში, სერვისების განვითარების სააგენტოს ფილიალებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში შესაბამისი განაცხადი უნდა შეავსოს. დოკუმენტი განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს გაიცემა. იმ შემთხვევაში, თუ აბიტურიენტს ატესტატის დაჩქარებული წესით აღება სურს, მას საფასურის გადახდა მოუწევს.

განცხადების წარდგენის დღეს ატესტატის მისაღებად აბიტურიენტი 50 ლარს გადაიხდის, მე-2 სამუშაო დღეს დოკუმენტის გაცემისთვის დაწესებული საფასური 40 ლარს შეადგენს, მე-3 სამუშაო დღეს გაცემისთვის – 30 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელს ატესტატის მიღება განცხადების წარდგენის დღიდან მე-5 სამუშაო დღეს სურს, მან 20 ლარი უნდა გადაიხადოს.

აბიტურიენტებს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის საფასურის გადახდის გარეშე მისაღებად განაცხადის გაკეთება 31 დეკემბრის ჩათვლით შეეძლებათ. თუ დაინტერესებული პირი პირველადი ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის/ატესტატის მისაღებად უფლებამოსილ სამსახურს წლის ბოლომდე არ მიმართავს, დაინტერესებულ პირზე მომდევნო წელს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის დუბლიკატი გაიცემა.

ატესტატზე განაცხადის შეტანა და დოკუმენტის მიღება სკოლადამთავრებულებს ყოველ სამუშაო დღეს 09:00-დან 18:00 საათამდე შეეძლებათ.

იტვირთბა....