მცირე მთავრობის მიდგომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, მამუკა ბახტაძემ ისაუბრა, ძალიან სწორია – განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა ქეთევან ციხელაშვილმა.
როგორც ციხელაშვილმა პარლამენტში ჟურნალისტებს განუცხადა, მთავრობის პროგრამით დასახული ყველა პრიორიტეტი ცნობილი მალე გახდება და აღნიშნულზე განცხადებას პრემიერ–მინისტრი გააკეთებს.
„ჩვენი ხედვა, ერთგვარი ანგარიში და სამომავლო პროგრამაც საკომიტეტო მოსმენებზე წარმოვადგინეთ. ყველა მიმართულება, რომელზეც იყო საუბარი, მნიშვნელოვანია. საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა არის ურყევი, უცვლელი და თანმიმდევრული, რომელიც მომავლშიც გაგრძელდება. ის გეგმა და ინიციატივაც, რომელიც წარდგენილი იქნა და საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდა, რა თქმა უნდა, განხორციელდება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მისი განმარტებით, საკითხი ძალიან კომპლექსური და რთული სამუშაოა იმ გარემოში, რასაც ოკუპაცია ქმნის.
„ჩვენი პრიორიტეტია, ეს განხორციელდეს, რადგან მშვიდობას, საზოგადოებების შერიგებასა და იმას, რომ ოკუპაცია უნდა დასრულდეს, ალტერნატივა არ აქვს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
საქართველოს მთავრობის შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის – „თავისუფლება, სწრაფი განვითარება, კეთილდღეობა“ ნდობის გამოცხადების საკითხზე დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე იმსჯელებენ.
რაც შეეხება მცირე მთავრობის მოდელს, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ განაცხადა, რომ მთავრობის შემადგენლობა სტრუქტურული ცვლილებების შემდეგ შეიცვლება. სტრუქტურული რეფორმების ფარგლებში, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება.