პარლამენტში, კომიტეტების გაეერთიანებულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ლევან იზორიამ განაცხადა, რომ საქართველოს აშშ-ისგან ანტისაჰაერო თავდაცვით სისტემებს – “სტინგერებს” მიიღებს.
იზორიას თქმით, “ჯაველინების” გადმოცემის შემდეგ აღნიშნული გეგმა, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის მხარდაჭერა, თავდაცვის სფეროში განხორციელებული პოლიტიკის სისწორესა და აშშ-ის მიერ მის აღიარებაზე მიუთითებს.
“სტინგერი” ამერიკული წარმოების საზენიტო-სარაკეტო კომპლექსია, რომელიც შეიარაღებაში 1981 წლიდან შევიდა. ის არაერთი სამხედრო კონფლიქტის, მათ შორის სსრკ-ავღანეთის, იუგოსლავიისა და ირან-ერაყის ომის დროს გამოიყენეს. აშშ-ის გარდა, სისტემები ევროპის, აზიისა თუ აფრიკის არაერთი სახელმწიფოს სამხედრო შეიარაღებაში ირიცხება. “სტინგერი” წინამორბედ კომპლექსებზე მსუბუქია, დაფარვის მანძილით(8კმ) კი მნიშვნელოვნად აღემატება მათ. სისტემის გამშვები ბლოკის ფასი $40 000-ს აღწევს.
ლევან იზორიას არ დაუკონკრეტებია სისტემების შესყიდვის ვადები.
მანამდე, მიმდინარე წლის იანვარში, საქართველომ ტანკსაწინააღმდეგო სისტემა “ჯაველინი” მიიღო. 410 რაკეტა და 72 გამშვები ბლოკი ქართულმა მხარემ აშშ-ისგან 75 მილიონ დოლარად შეიძინა.