ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

გვარამია: “ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”?”

“მითქვამს და გავიმეორებ, ამ ქვეყნის ყველაზე ჯანსაღ და ხარისხიან ძალად არასამთავრობო სექტორი მიმაჩნია. მაგრამ, მეორეც მითქვამს და იმასაც გავიმეორებ – ძალიან სერიოზული პრობლემაა, რომ ოპოზიციის, განსაკუთრებით, ენმ შიშით თუ ზიზღით თუ სიძულვილით რომ არ არიან სრულფასოვნად ჩაბმული აქციებში მაჩალიკაშვილის და სარალიძის დასაცავად.

დიდი ბოდიში და გვინახავს, პლინტუსს ქვემოთ ოპოზიციასთან (მათ შორის, პრორუსულთან) გაერთიანებული არასამთავრობო სექტორი რობაქიძის, ვაზაგაშვილის და გირგვლიანის საქმეებზე და პოლიტიკური მესიჯების გახმოვანებაც გვახსოვს, მათ შორის, ანტისამთავრობოს. და ბესელიასთან გვერდით დგომა არ იყო სირცხვილი და სააკაშვილის და ნათელაშვილის პარტიები “გეგრეხებათ”? რუსეთიდან მოგზავნილი ივანიშვილის გვერდით ყოფნა არ იყო რეპუტაციისთვის დამაზიანებელი და პროდასავლური ოპოზიციის მხარდაჭერაა?

იცით, რომ პატივს გცემთ და მხარს გიჭერთ ალბათ ყველაზე მეტად ამ ქვეყანაში, მაგრამ სწორედ ეს პატივისცემა და გულშემატკივრობა მავალდებულებს გითხრათ, რომ მძიმე შეცდომას უშვებთ, რითიც, საბოლოო ჯამში და სამწუხაროდ, ქვეყანას არათუ ვერ ეხმარებით, არამედ, კიდევ უფრო სამწუხაროდ, ვნებთ კიდეც, რამეთუ პასიური და ბალანსირებულ-ზომიერი პოზიციებით და ანგარიშებით, უნებლიედ უხანგრძლივებთ ქართული ოცნების ოლიგარქიულ, კლეპტოკრატიულ და უკვე გამოკვეთილად კრიმინალურ რეჟიმს სიცოცხლეს. ამ ანგარიშებით იქმნება დემოკრატიული პროცესის, თუნდაც უკიდურესად ნაკლოვანის, მაგრამ მაინც პროცესის იმიტაცია. ამ დროს ყველამ შესანიშნავად ვიცით, რომ საქართველო არავითარ კავშირში აღარაა დემოკრატიასთან, ის არც მრავალპოლუსიანი ოლიგარქიაა (როგორც უკრაინა) – ქვეყანა ერთი მდიდარი ფსიქოპატის უკანა ეზოა, რომელიც, როგორც დოქტორი მორო თავის კუნძულზე, ჩვენ სამშობლოში ადამიანებზე საზარელ ექსპერიმენტებს ატარებს, უფასოდ ხელში იგდებს პრაქტიკულად მთელ ქვეყანას და, პარალელურად, ცხადია, დიდ ფულსაც აკეთებს.

ასევე, ან არ იცით, ან გავიწყდებათ, რომ მარტოკა თქვენი ძალისხმევით და პროცესების პოლიტიკური სტერილიზაციით, ერთი მეტრით წინ ვერ წაიწევს ამ ქვეყანაში დემოკრატია. გერევათ, მეგობრებო: თქვენ ხართ დემოკრატიის ვოჩდოგები და არა შემოქმედნი. დემოკრატიას პარტიები და ხალხი ამყარებენ ერთობლივად. მედია და არასამთავრობო სექტორი მხოლოდ სწორი მიმართულების მიმცემი მოდარაჯე ძაღლები არიან. და ამ რაღარც მითიური და გაუსვრელი ახალი ძალის ლოდინით თავს ნუ დაიღლით, ამ ათწლეულში და, მაღალი ალბათობით, არც შემდეგ ათწლეულში ეგ არ მოხდება და ნუ იქნებით გულუბრყვილოები და პოლიტიკის არმცოდნე უმწიფარები – ფუჭია ეგ მოლოდინი.

ასე რომ, გამონახეთ საკუთარ თავში რესურსი, დაივიწყეთ ძველი წყენები და დადექით იქ, სადაც ხალხის მაჯისცემაა. თორემ უკვე ძალიან დროს და რეალობას აცდენილია ეს გაურკვეველი შუაშისტურ-ნეიტრალურ-დაბალანსებულ-პოლიტკორექტული და საბოლოო ჯამში ერთი და იგივეს მთქმელი და არაფრის მომტანი პოზიციები. და ისიც გაითვალისწინეთ, რომ შუაშისტ-ნეიტრალებს არასდროს არაფრისთვის არც მიუღწევიათ და არც რაიმე სერიოზული ცვლილება მოუტანიათ ამ ქვეყანისთვის. არასდროს! ასე ისხდებიან კლავიატურებთან, თქვენს მოსაწონ სტატუსებს დაწერენ კვლავ და, საქმე საქმეზე რომ მიდგება, არჩევნებზეც კი არ წავლენ, არათუ რამე უფრო სერიოზულს იზამე”, – წერს სოციალურ ქსელში “რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.

იტვირთბა....