პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გიორგი მარგველაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა. კობახიძის განცხადებით, მარგველაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე სერიოზულ კომენტარს არ გააკეთებს.
როგორც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციის თანახმად რაღაცების გარანტია, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს.
„ამაზე მართლა გული მტკივა მე, როდესაც სახელმწიფოს მეთაური, რომელიც კონსტიტუციის თანახმად არის გარანტი რაღაცების, მათ შორის, გარანტი კონსტიტუციური სისტემის, თუნდაც სიმბოლურად, მაგრამ მაინც, არ შეიძლება ასეთ განცხადებებს აკეთებდეს. შესაბამისად, მე არ მინდა დამატებითი კომენტარების გაკეთება.
მე შემიძლია გითხრათ ის, რომ საქართველო არის საპარლამენტო რესპუბლიკა, საპარლამენტო დემოკრატია და ამ სისტემაში ეს არის უცხო ხილი, სამწუხაროდ ჩვენთვის. ჩვენ გვიწევდა ცხოვრება საპრეზიდენტო მმართველობის პერიოდებში 90-იანი წლებიდან, აქედან გამომდინარე, ჩვენთვის უცხო მოვლენაა ეს დემოკრატიული პროცესები. საპარლამენტო დემოკრატიაში, საპარლამენტო რესპუბლიკაში მთავრობის ცვლილება არის ნორმალური, ჯანსაღი მოვლენა. გახსოვთ, რომ ვსაუბრობდით გარკვეულ საკითხებთან დაკავშირებით. იყო დისკუსიები, მმართველ გუნდში და ზუსტად ამ დისკუსიების შედეგი იყო ის განცხადება, რომელიც გაკეთდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან. ეს არის ჯანსაღი პროცესი, ეს არის ნორმალური პროცესი”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.