საპარლამენტო უმრავლესობის დღევანდელ შეხვედრაზე საუბარი ქვეყანაში არსებულ კრიზისსაც შეეხო – ეს ინფორმაცია გორის მაჟორიტარმა დეპუტატმა დაადასტურა.
იოსებ მაკრახიძის სიტყვებით, ,,ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა შიდა სამზარეულოში არსებული ვითარება მიმოიხილეს და მუშაობის შემდგომი ეტაპები დაგეგმეს. ,,შიდა კუხნა” იყო ძირითადში, შიგა და შიგ განვიხილეთ და ვიმსჯელეთ დღეს არსებულ მდგომარეობაზე. კვლევებს დაეყრდნენ ძირითადში”, – განმარტავს იოსებ მაკრახიძე.
კითხვაზე, თუ რომელ კვლევებს გულისხმობდა, დეპუტატმა ვერ გაიხსენა, მოგვიანებით კი ჩვენს ” მიერ ნახსენები UNICEF – ზე (გაეროს ბავშვთა ფონდი) მიუთითა და აღნიშნა რომ UNICEF -ი კვლევის სახელწოდებაა. ,,კი ეგრე ჰქვია კვლევას, რომელიც დღევანდელ შეხვედრაზე განვიხილეთ”, – განაცხადა პარლამენტარმა.
შეგახსენებთ, რომ “ოცნების” ოფისში პარტიის შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მთელი დღის განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 4 მინისტრი და პრემიერ-მინისტრი თანამდებობას დატოვებდნენ.
შეხვედრის დასრულების შემდეგ უმრავლესობის წევრებმა განაცხადეს, რომ მათ “იუნისეფის” კვლევაზე ისაუბრეს.
ავტორი: ნოდარ სხირტლაძე