ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“საზოგადოებას 10 ივნისამდე და შესაძლოა, უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია”: შსს მოზარდების მკვლელობის საქმეზე

შს მინისტრის მოადგილე ნინო ჯავახაძე ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ნინო ლომჯარიას შეფასებას ეხმაურება და აცხადებს, რომ წინასწარი დასკვნების გამოტანა ცოტა გაუგებარია. ჯავახაძის თქმით, შსს-ში მიმდინარე გამოძიების კვალდაკვალ საზოგადოებას მიეწოდება ინფორმაცია.

„შსს-ში გამოძიება მიმდინარეობს. გამოძიება დაწყებულია რამდენიმე თვის წინ და ის იმ პირების გამოსაკვეთად მიმდინარეობს, რომელთაც რაღაც ქმედებით გავლენა მოახდინეს პროცესის მონაწილეებზე – იქნებოდა ეს ფინანსური თუ სხვაგვარი გავლენები. შესაბამისად, ყველაფერს შევისწავლით და თუ დამნაშავეები დადგინდა, მოხდება შესაბამისი რეაგირება. გარკვეული ახალი გარემოებები სასამართლო პროცესზე გამოიკვეთა, რომელთა აქტიური შესწავლაც ახლა მიმდინარეობს. გამოძიების მიმდინარეობის კვალდაკვალ საზოგადოებას ათ რიცხვამდე და შესაძლოა უფრო ადრეც მივაწოდოთ ინფორმაცია“, – განუცხადა ჟურნალისტებს ნინო ჯავახაძემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

იტვირთბა....