ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

დეპუტატები თავიანთი ხელფასის გაორმაგებას აპირებენ

მალე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იქნება

სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული ჩინოვნიკების ხელფასი ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში მუდმივად იზრდება. საკრებულოსა და მერიის თანამშრომლების შემდეგ, ანაზღაურების გაზრდა დეპუტატებმაც მოინდომეს. მალე პარლამენტის წევრის ხელფასი 4624 ლარი იქნება, ანუ ორჯერ მეტი, ვიდრე დღეს აქვთ. ამის პარალელურად, ქვეყანაში მეტროს მემანქანეების ხელფასის გასაზრდელად თანხა ვერ გამოიძებნა.

ახლო მომავალში პარლამენტის წევრის გასამრჯელო რეგლამენტით დადგინდება, რომელიც 4624 ლარს შეადგენს. პარლამენტის წევრს აგრეთვე მიეცემა სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხა, რომელსაც პარლამენტის ბიურო განსაზღვრავს. ამ ცვლილებას პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს, რომელიც საკანონმდებლო ორგანოშია უკვე დარეგისტრირებული.

პარლამენტის თანამდებობის პირთა გასამრჯელო კონკრეტული თანამდებობისათვის გამოიანგარიშება პარლამენტის წევრის გასამრჯელოს გამრავლებით პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტზე. პარლამენტის თანამდებობათა კატეგორიების კოეფიციენტებს პარლამენტის ხაზინადართა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე, პარლამენტის თავმჯდომარის წარდგინებით განსაზღვრავს პარლამენტის ბიურო.

დღეს პარლამენტის წევრის შრომითი გასამრჯელო, საერთო ჯამში, 3 790 ლარია. აქედან 2 000 ლარი თანამდებობრივი სარგოა, 1790 ლარი სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების თანხაა. გამოდის, რომ დეპუტატები თავიანთი ანაზღაურების გაორმაგებას აპირებენ.

ანალიტიკოს მერაბ ჯანიაშვილის აზრით, ჩინოვნიკის სახელფასო ანაზღაურება უნდა იყოს მიბმული ისეთ მექანიზმთან, რომელიც ქვეყნის ეკონომიკაზეც დადებითად აისახება. როგორ მან “რეზონანსთან” საუბრისას აღნიშნა, ამ მექანიზმის ამუშავების შემთხვევაში, დაინტერესებული იქნებიან თავად, რომ მათი ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით გაიზარდოს.

“თუ არ გვექნება რაღაც სისტემა, რომლის მეშვეობითაც სახელფასო განაკვეთებს დააწესებენ სახელმწიფო სამსახურში, მუდმივად გაურკვევლობა იქნება. ყოველი ჩინოვნიკის ხელფასის ზრდაზე ან მათ პრემია-დანამატზე მოგვიწევს დავა, რამდენად სწორია ან არასწორია მათი ხელფასის ზრდა. ამიტომ აუცილებლად უნდა იყოს ერთი სტრატეგია ყველა სახელმწიფო პირის ხელფასის მიმართ, თუ როგორ უნდა განისაზღვროს ის და რაღაცასთან უნდა იყოს თანხვედრაში (მაგალითად, საარსებო მინიმუმთან, პენსიასთან ან საშუალო ხელფასთან). დავუშვათ, პარლამენტარის ხელფასი უნდა იყოს პენსიის ათმაგი ოდენობა ან საარსებო მინიმუმის ათმაგი ოდენობა.

ვისაც როგორ უნდა, დღეს ისეთ ხელფასს ინიშნავს, რადგან არ არსებობს კონკრეტული ზღვარი. პრემიებისა და დანამატების შესახებ ახალი წესი შემოვიდა და მეტ-ნაკლებად მოგვარდა ეს საკითხი. აღარ ხდება ხელფასზე მეტი პრემიის გაცემა. თუ ამ საკითხსაც არ მოვაგვარებთ, ყოველთვის იარსებებს სხვადასხვა აზრი. რომ მოხდეს ამ ხელფასების “რაღაცაზე მიბმა”, აღარ დაინიშნავს არავინ თავისი ნებით. პირიქით, დაინტერესებული იქნებიან თავად, რომ მათი ანაზღაურება ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის მიხედვით გაიზარდოს”, – განუცხადა “რეზონანსს” ჯანიაშვილმა.

საჯარო სექტორში თავიდანვე განსაზღვრულ ხელფასს მნიშვნელოვნად მიიჩნევს “ახალი ეკონომიკური სკოლის” პრეზიდენტი პაატა შეშელიძე. მას არ ესმის, როდესაც ამბობენ, რომ მაღალი ხელფასი ქრთამის აღებას გამორიცხავს.

“ამ ადამიანებს (კონკრეტულად არავის არ ვასახელებ) აქვთ განუსაზღვრელი უფლებამოსილება, რომელიც იმდენად დიდი და შეუზღუდავია, რომ რასაც უნდა, იმას აკეთებენ. ვიღაც იტყვის, ჩვენ საქმეს ვაკეთებთ და ეს ხელფასი გვეკუთვნისო. ვფიქრობ, საკითხი პირიქით უნდა დაისვას, ის კი არა, რომ თავის თავს უწესებდნენ ხელფასს, არამედ თავიდანვე უნდა იყოს განსაზღვრული, რომ კონკრეტულ თანამდებობაზე კონკრეტული თანხა იქნება, ვისაც სურვილი გაუჩნდება, იმუშავებს. ის კი არა, რომ ჯერ დაინიშნონ თანამდებობებზე და მერე იმატონ ხელფასი. ეს მიდგომაა შესაცვლელი პირველ რიგში.

რაც შეეხება, საჯარო მოხელეს 3-5 ათასი ეყოფა თუ არა. შეიძლება, არც ეყოს, გააჩნია, რას აკეთებს და რა პასუხისმგებლობას იღებს თავის გაკეთებულზე. ხელფასი არ უნდა ეზრდებდეთ მაშინ, როდესაც ნულოვანი პასუხისმგებლობა აქვთ თავიანთ საქმეზე. არის მოსაზრება, რომ მაღალი ხელფასი ქრთამის აღებას გამორიცხავს. აქ მოდის წინააღმდეგობა, რატომ უნდა იყოს რომელიმე თანამდებობა ქრთამის აღებასთან ასოცირებული? ახლა ვიღებთ ყოვლისშემძლე ადამიანთა ჯგუფს, რომლებიც ქრთამსაც აიღებენ და საკუთარი ნებით თავისივე კეთილდღეობაზე იზრუნებენ”, – განუცხადა “რეზონანსს” შეშელიძემ.

 
 წყარო: “რეზონანსი”

იტვირთბა....