ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

დღეს, კანცელარიასთან მოქალაქეები ბოტებს მიიტანენ

დღეს, კანცელარიასთან მოქალაქეები ბოტებს მიიტანენ. სოციალურ ქსელში დაანონსებულ აქცია-პერფორმანსის მიმართვაში ნათქვამია, რომ ბოტებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვროდ დაუტოვებენ.

“6 საათზე შევიკრიბებით კანცელარიასთან და პრემიერ-მინისტრ ბატონ გიორგი კვირიკაშვილს სამახსოვროდ დავუტოვებთ ბოტებს.
ვაპროტესტებთ მთავრობის სამარცხვინო პროპაგანდისტულ ინსტრუმენტებს.”- ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რომელიც მან facebook-ზე გამოაქვეყნა, 2000-ზე მეტმა ადამიანმა “haha” რეაქცია დაუტოვა, ხოლო მოწონებების რაოდენობა კი 1000-ს ზე მეტია. მათი უმრავლესობა  ვიეტნამში, ინდოეთსა და ბანგლადეშში დარეგისტრირებული ექაუნთებისგან შედგება.

პრემიერის პოსტს ngo-ების კრიტიკაზე უამრავი მოწონება აქვს ბანგლადეშიდან, ინდოეთიდან და ვიეტნამიდან დარეგისტრირებული ექაუნთებიდან.

“მინდა, გამოვეხმაურო არასამთავრობო ორგანიზაციების ერთი ნაწილის მოთხოვნას, რომელიც მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მონაწილეობის სანაცვლოდ იუსტიციის მინისტრის გადადგომის პირობას აყენებს.

ჩვენ არაერთხელ ვთქვით და კიდევ ერთხელ სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის პროცესში მაქსიმალურად ფართო საზოგადოებრივ ჩართულობას უზრუნველვყოფთ. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროცესში საზოგადოების, აკადემიური წრეების, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. იუსტიციის სამინისტრომ კანონის შესაბამისად პროცედურები უკვე დაიწყო.

მიუღებელია, რომ არასამთავრობოების ნაწილი, ულტიმატუმის ენით გვესაუბრება და ცდილობს, ბოიკოტის გამოცხადებით ეჭვქვეშ დააყენოს პროცესის ლეგიტიმაცია. მათ განცხადებებში იკვეთება საკითხის პოლიტიკურ ჭრილში გადატანის მცდელობა, რაც ასევე სრულიად მიუღებელია. ამიტომ მოვუწოდებ მათ, ნუ გასცდებიან საკუთარი საქმიანობის მანდატს და თუ მათი მიზანი მართლაც პროცესის გამჭვირვალედ წარმართვაა, მეტი პასუხისმგებლობით მიუდგნენ თავიანთ გადაწყვეტილებებს.

რაც შეეხება იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის გადაყენების მოთხოვნას, ეს არის სრულიად აბსურდული და გონივრულ საფუძველს მოკლებული მოთხოვნა”, – წერს კვირიკაშვილი.

იტვირთბა....