aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

„ევროპული საქართველო სერიოზულ რისკზე წავიდა”

aviabiletebi
ავიაბილეთები

საქართველოს განათლების ყოფილი მინისტრი გია ნოდია სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლებეთან დაკავშირებით პოსტს აქვეყნებს:

“ძალიან კარგი, რომ ხელისუფლებამ თავისი დაპირება შეასრულა და შექმნა საპარლამენტო კომისია ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობების გამოძიებასთან დაკავშირებით. თუნდაც სკეპტიკურად ვიყოთ განწყობილი ამ კომისიის მიმართ, უნდა ვიცოდეთ, რომ მისი შექმნა იმ მრავალი ათასი ადამიანის ძალისხმევის შედეგია, ვინც ზაზა სარალიძეს სოლიდარობა გამოუცხადა და პარლამენტის წინ უსამართლობას აპროტესტებდა. როგორც გამოცდილებიდან ვიცით, სხვა შემთხვევაში ხელისუფლება ამაზე არ წავიდოდა.

არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ კომისია წარმატებული იქნება: ოპოზიცია, ამ შემთხვევაში „ევროპული საქართველო“, სერიოზულ რისკზე წავიდა, როცა ეს პასუხისმგებლობა აიკიდა. თუ კომისიამ სერიოზული ვერაფერი გამოავლინა, “ევროპული საქართველო” სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდება. მაგრამ რისკის გარეშე პოლიტიკა არ გამოდის.

მაგრამ ახლავე უნდა გავიაზროთ, რა შეუძლია ამ კომისიას და რა არა. უნდა ვიცოდეთ, რომ ის „სისტემას ვერ დაანგრევს“ და, რაც არ უნდა აღმოაჩინოს, ამით ხელისუფლებაც ვერ შეიცვლება. ვინც ამაზე ნაკლებს არ თანხმდება, კომისიის მუშაობას ყურადღება აღარ უნდა მიაქციოს.

მისი ფუნქცია არც ისაა, დაადგინოს, კონკრეტულად ვინ მოკლა 51-ე სკოლის ორი მოსწავლე. თუ მისი საქმიანობა ამ საქმესაც დაეხმარა, ძალიან კარგი, მაგრამ ის ამისთვის არ შექმნილა. რაც გინდა არ ვენდობოდეთ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს, საპარლამენტო კომისიით მათი ჩანაცვლება მაინც არ არის სწორი.

მე როგორც მესმის ამ კომისიის ფუნქცია, მან უნდა გამოიკვლიოს თვით გამოძიების პროცესი. საზოგადოებას აქვს ეჭვი, რომ, გარკვეული ადამიანების ჩარევის გამო, გამოძიებამ შეგნებულად დააფარა ხელი მკვლელებს. საუბარია მტკიცებულებები შეგნებულ განადგურებაზე. თუ ეს მართალია, გვაქვს ძალიან მძიმე დანაშაული ხელისუფლების მხრიდან. მაგრამ ჯერჯერობით ესაა ვარაუდი, რომლისაც ბევრ ადამიანს სჯერა – სხვანაირად ასეთი პროტესტი არ იქნებოდა. კომისია შეიქმნა ამ ვარაუდების დასადასტურებლად ან გასაფანტად.

თუ ეჭვები ნაწილობრივ მაინც დადასტურდა, ეს ხელისუფლებისთვის ძალიან სერიოზული პოლიტიკური პრობლემა უნდა გახდეს. ყველა ჩვენგანის (პირადად ჩემი – ნამდვილად) მოთხოვნილებაცაა და უფლებაც, ვარაუდების ამარა არ ვიყოთ და სარწმუნო ინფორმაცია გვქონდეს ამ მეტად მნიშვნელოვან საკითხზე. თუ ვინმეს სხვანაირად გესმით კომისიის ფუნქცია, შემისწორეთ” – წერს ნოდია.

შეგახსენებთ, პარლამენტის სპეციალურ კომისიაში, რომელმაც ხორავას ქუჩის საქმე უნდა შეისწავლოს, უმრავლესობაში “ევროპული საქართველო” იქნება.

იტვირთბა....