ადვოკატი ინგა არახამია მისი სახლის მისამართით სროლას მის საადვოკატო საქმიანობას უკავშირებს. ერთადერთი საქმე, რომელზეც მის მიმართ მუქარები ისმის, ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის საქმეა და სწორედ ამას უკავშირებს ადვოკატი მის სახლთან მომხდარ შემთხვევას. არახამია შემთხვევის დეტალებზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ არა ერთი, არამედ დაახლოებით 5 გასროლის ხმა გაიგონა. ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.
„დაახლოებით 4-5 გასროლის ხმა გავიგე. თავდაპირველად იყო ალბათ 3-4 გასროლა მიყოლებით, შემდეგ იყო პაუზა და შემდეგ ერთი გასროლა. შუშა არის ორმაგი და მთლიანად ამოიღეს, ვინაიდან აქვთ ეჭვი, რომ ნასროლია ე.წ. „დრაბავიკიდან“ და შესაძლოა შუაშია ჩავარდნილი ტყვიის ნაწილები. ერთადერთი, რომელ საქმესაც ვუკავშირებ ამ შემთხვევას, არის მილენა მითაიშვილის საქმე, ვინაიდან არაერთი მუქარა არსებობს ამ საქმესთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა ეს უკავშირდება ჩემს საადვოკატო საქმიანობას“, – განაცხადა ინგა არახამიამ.
მომხდართან დაკავშირებით ადვოკატი პოლიციაში გამოკითხვაზე დღეს არის დაბარებული.
ადვოკატ ინგა არახამიას საცხოვრებელი ბინის ფანჯარას ცეცხლსასროლი იარაღიდან 4 ივნისს ესროლეს. როგორც ცნობილია, ადვოკატი შემთხვევის დროს სახლში იმყოფებოდა. სროლის შედეგად არავინ დაშავებულა.
შეგახსენებთ, რომ ყოფილი პროკურორის მილენა მითაიშვილის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების ფაქტზე მისი ყოფილი მეუღლე რივერა ბენდელიანი და კიდევ ორი პირი პასუხისგებაში მისცეს. პასუხისგებაში მიცემულ პირებს შორისაა რივერა ბენდელიანის ადვოკატი ინგა არახამია. გარდა ამისა, გამოძიება მიმდინარეობს თავად მილენა მითაიშვილის წინაამდეგაც, რომელსაც ყოფილი ძიძები ზეწოლასა და სიტყვიერი შეურცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებენ.