ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი სოციალური ქსელი

დეკანოზი შიო: “თუ ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან პასუხი უნდა აგოს”

დეკანოზი შიო მენაბდე სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სტატუსს აქვეყნებს და აცხადებს, რომ მისი შვილი გამოძიებასთან პირველივე დღიდან თანამშრომლობს.

“ქრისტესმიერი მშვიდობა და სიყვარული ყოველ თქვენგანს. მოგმართავთ ბოლო დროს მომხდარ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელმაც შეძრა საქართველო და, სამწუხაროდ, შეეხო ჩემს ოჯახსაც.

მასმედიის საშუალებით გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს არსებულ მოვლენებთან დაკავშირებით ჩემი მოსაზრება აქციაზე დავაფიქსირე. ეს სიმართლე არ არის. ტაძრის ამბიონის გარდა, ამ თემაზე საჯაროდ არსად მისაუბრია, მეტიც, არ ვყოფილვარ არცერთ შეკრებაზე და მით უმეტეს, არ ვარ რაიმე კავშირსა თუ დაჯგუფებაში გაერთიანებული.

ითქვა ისიც, თითქოს ვცდილობ ჩემი შვილის პროცესებისგან განრიდებას და ამ საქმეში ეკლესიის გავლენასაც ვიყენებ.
ასეთი რამ ჩემთვის, როგორც ქრისტიანისთვის, მითუმეტეს, სასულიერო პირისთვის, ყოვლად მიუღებელია.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ჩემი შვილი ტრაგედიის პირველივე დღიდან თანამშრომლობს გამოძიებასთან. ხუთი თვის განმავლობაში მრავალგზის იყო დაკითხვაზე, მათთან ერთად ვიყავით მშობლებიც და, რა თქმა უნდა, შევხვდით გარდაცვლილების მშობლებსაც და ვუპასუხეთ მათ შეკითხვებს.

მოგმართავთ ყველას, ვისაც ნამდვილად გული შეგტკივათ მომხდარი საშინელი ტრაგედიის გამო: ნუ გაავრცელებთ გადაუმოწმებელ ინფორმაციას და თავი შეიკავეთ ნებსითი თუ უნებლიე ცილისწამებისაგან, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ახალგაზრდებს შორის ახალი დაპირისპირების მიზეზი შეიძლება გახდეს.

იმედი მაქვს, გაირკვევა სიმართლე და თუ ობიექტური გამოძიებით ჩემი შვილის ბრალეულობა დადასტურდება, მან ჩადენილი დანაშაულის გამო, კანონის შესაბამისად, აუცილებლად უნდა აგოს პასუხი, რაც, პირველ რიგში, მისი სულისათვის იქნება სასარგებლო.
კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ ხორავას ქუჩაზე მომხდარი საშინელი ფაქტის გამო, გულითადად ვუსამძიმრებ დავით სარალიძისა და ლევან დადუნაშვილის მშობლებს, ახლობლებს.
უფალმა მოიხსენოს და აცხოვნოს სულნი ახლადშესვენებულთა დავითისა და ლევანისა.

ქრისტესმიერი სიყვარლით
დეკანოზი შიო მენაბდე”, – წერს “ფეისბუქში” დეკანოზი.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წინ აქცია #ნუმომკლავ მიმდინარეობს. ის ზაზა სარალიძის მიერ არის ორგანიზებული. აქციის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, როდესაც თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო

ორი დღის წინ, ღამით, აქციაზე მისულ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს სიტყვის თქმა არ აცალეს, ბოთლები ესროლეს და ის იძულებული გახდა დაეტოვებინა საპროტესტო აქცია. მანამდე ის ზაზა სარალიძესთან მივიდა, მიუსამძიმრა და გადაეხვია.

მოგვიანებით, მან კანცელარიაში ბრიფინგი გამართა და განაცხადა, რომ ვერ ხედავს გადადგომის მიზეზს. მან საქმის გამოძიება, რომლის გამოც დაიწყო არეულობა, შსს-ს გადასცა. კვირიკაშვილის თქმით, შს მინისტრ გახარიასთან ერთად ის პირადად მიადევნებს თვალს გამოძიებას.

მანამდე, საქართველოს მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე გადადგა. მან ეს გადაწყვეტილება ხორავას ქუჩის საქმეზე მოსამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მიიღო.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

ოკლული მოზარდის, დავით სარალიძის, მკვლელობის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი დეკანოზ შიო მენაბდის შვილია. დავით მენაბდე დაპირისპირების დროს დაიჭრა, თუმცა, ვინ მიაყენა მას ჭრილობა, ეს უცნობია.

ერთ-ერთი მოზარდის ჩვენებით ირკვევა, რომ დავით მენაბდე ფარდულში სარალიძეს ვერცხლისფერ საგანს ურტყავდა.

იტვირთბა....