ძიუდოისტებს შორის დაპირისპირებაზე შსს ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მიმდინარე წლის 31 მაისს, საღამოს, თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე პატრულირების დროს, რამდენიმე მოჩხუბარი მამაკაცი შენიშნეს.
პატრულ-ინსპექტორები დაუყოვნებლივ შეეცადნენ მათ შორის დაპირისპირების განმუხტვას, რა დროსაც ერთ-ერთმა პირმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა.
გასროლის შემდეგ, ინციდენტში მონაწილე პირების ერთი ნაწილი მიიმალა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ლ.ჟ. პოლიციამ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლით ადგილზევე დააკავა.
ფიზიკური დაპირისპირებისას დაშავებული ორი პირი – 1990 წელს დაბადებული ლ.ყ. და 1993 წელს დაბადებული გ.გ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღმოჩენილი და ამოღებულია “ტე-ტე”-ს ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც გადაგზავნილია შესაბამის ექსპერტიზაზე.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის პოლიციის სამმართველოში შევიდა შეტყობინება, რომ დავით აღმაშენებლის გამზირიდან გადაუდებელი ქირურგიისა და ტრავმატოლოგიის ცენტრში მიყვანილ იქნა 1983 წელს დაბადებული ი.წ., რომელსაც, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ ძიუდოისტებს შორის დაპირისპირება სისხლიან გარჩევაში გადაიზარდა. 31 მაისს, გვიან ღამით, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის გადადგომის მომთხოვნ სპორტსმენებს ცეცხლი გაუხსნეს ფედერაციის თანამშრომლებმა. წინასწარი ინფორმაციით, დაჭრილია ერთი ადამიანი და სამართალდამცავებმა ოთხი პირი დააკავეს. მათ შორის ლომერ ჟორჟოლიანი, რომელიც წლების განმავლობაში ფედერაციაში მაღალ თანამდებობას იკავებდა. ამჟამად კი საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების მწვრთნელი და დავით ქევხიშვილის მხარდამჭერია. ინფორმაციას “რადიო თავისუფლება” ავრცელებს.
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სწორედ ლომერ ჟორჟოლიანმა დაჭრა ქალაქის ცენტრალურ უბანში ვეტერანი ძიუდოისტი და ამ ფაქტს ათეულობით თვითმხილველი ჰყავდა. მათ შორის, პატრულის თანამშრომლებიც.
დაუდასტურებელი ინფორმაციით, კონფლიქტის დროს, ადგილზე იმყოფებოდა ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილიც და მან სასწრაფოდ დატოვა ტერიტორია.