იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ხორავას საქმესთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომასეთი საქმეების გამოძიება ქუჩაში არ ხდება.
„ძალიან მინდა, რომ მიუხედავად ძალიან დიდი და გაუსაძლისი ტკივილისა, ზაზა სარალიძემ ყველა ძალისხმევა გაწიოს იმისთვის, რომ მოისმინოს, რასაც ახლა ვამბობ – მას არ ჰყავს უკეთესი მოკავშირე ვიდრე არის საქართველოს მთავარი პროკურორი. ამას არ ვიტყოდი ასე რომ არ იყოს. შესაბამისად, „გამოდი, შემხვდი ქუჩაში და საქმე ქუჩაში გამოვიძიოთ” – ეს არის საქმე, რომელიც მკვლელობის საქმეა, უბრალოდ მკვლელობის საქმე არ არის. ეს ბავშვთა მკვლელობის საქმეა. ამიტომ, ასეთი საქმეების ქუჩაში გამოძიება არ ხდება”, – აცხადებს წულუკიანი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ, 6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა. ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო. მეორე ბრალდებულიც სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.
მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.
ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.
ამ წუთებში კი პროკურატურასთან აქციები მიმდინარეობს, სადაც ზაზა სარალიძე და საზოგადოების ნაწილი მთავარი პროკურორის გადადგომასა და დამნაშავეების დასჯას ითხოვენ.