ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შოთაძემ სარალიძეს შეხვედრა შესთავაზა: “არავითარი შეხვედრა, გარეთ საჯაროდ გამოვიდეს”

ამ წუთებში მთავარი პროკურორის წარმომადგენელი  პრესამსახურის უფროსი ნათია სუხიაშვილი გარეთ მჯდომ ზაზა სარალიძესთან მოლაპარაკებაზე მივიდა. მან მთავარ პროკურორთან შეხვედრა შესთავაზა. სუხიაშვილის განცხადებით, პროკურორს სარალიძესთან პირისპირ საუბარი სურს. მის შეთავაზებაზე დავით სარალიძის მამამ უარი განაცხადა და პროკურორს მოუწოდა, რომ მას საჯაროდ მედიის თანდასწრებით შეხვედს.

“არანაირი შეხვედრა,  ქალბატონი ბრძანდებით და შეურაცხყოფა არ მინდა მოგაყენოთ. აქ გარეთ საჯაროდ გამოვიდეს, პირისპირ მესაუბროს. მასთან კარს მიღმა არ ვისაუბრობ. გარეთ გამოვიდეს”,-განაცხადა ზაზა სარალიძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ეკა არეშიძემ,  6-თვიანი დახურული სასამართლო განხილვის შემდეგ, ხორავას ქუჩაზე მოკლული №51 სკოლის მოსწავლეების, ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის მკვლელობის საქმეზე სარეზოლუციო ნაწილი გამოაცხადა და დავით სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს მუხლი გადაუკვალიფიცირა.  ის დამნაშავედ არა განზრახ მკვლელობაში, არამედ მცდელობაში სცნო.  მეორე ბრალდებულიც  სარალიძის მკვლელობაში უდანაშაულოდ გამოაცხადა, ხოლო დადუნაშვილის მკვლელობაში სრულიად დამნაშავედ სცნო.

მოკლული დავით სარალიძის მამა აცხადებს, რომ ამ გადაწყვეტილების გამო, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე უნდა გადადგეს. ის ქართველ საზოგადოებას ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს და აქციებს აანონსებს.

ხორავას ქუჩაზე ორი მოზარდი 2017 წლის 1-ელ დეკემბერს დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, მეორე მოზარდი კი, ექიმების მცდელობისა და რამდენიმე ოპერაციის ჩატარების მიუხედავად, 2 დეკემბერს, საავადმყოფოში დაიღუპა. განზრახ მკვლელობის მუხლით დაკავებულია 2 არასრულწლოვანი, ხოლო დანაშაულის დაფარვის მიზნით პასუხისგებაში 5 პირია მიცემული. საქმეზე სასამართლო პროცესები მიმდინარეობს.

 

 

იტვირთბა....