“შესაძლოა ცხვარიც დაიკლას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადამიანთა გამოსაკვებად, რომლებიც ღამის თევით მიდიან და ესწრებიან ღმრთისმსახურებას”
ლომისობა მოძრავი დღესასწაულია. აღინიშნება აღდგომიდან მე-7 კვირას არაგვისა და ქსნის ხეობაში. მისი სახელობის სალოცავებიდან ერთი ქსნისა და არაგვის წყალგამყოფ ქედზეა, ხოლო მეორე – სოფელ მლეთაში. ამ დღეს მლეთაში მლოცველები იკრიბებიან. ტრადიციის თანახმად, “დეკანოზები” (იგივე ხევისბერები) გამოასვენებდნენ დროშას და “ფერხისას,” სიმღერით აიტანდნენ მთაზე, სადაც იმართებოდა დღეობა შესაწირავით.
ლეგენდის მიხედვით, ლომისა გზოვანის წმიდა გიორგია, რომელსაც ხორასნიდან 7 ათასი ტყვე დაუხსნია და ხარის რქებზე დაბრძანებული დამკვიდრებულა მლეთის მთაზე. მას ევედრებოდნენ შვილიერებას, თვალის სინათლეს, მიწისა და საქონლის ნაყოფიერებას.
ტაძარში ინახება საყელურიანი დიდი რკინის ჯაჭვი. ვისაც აღთქმა აქვს დადებული, ან რაიმეს თხოვნა სურს წმიდანისთვის, ამ ჯაჭვს კისერზე დაიდებს და ტაძარს სამგზის შემოუვლის ლოცვით.
ხალხური გადმოცემით, ჯაჭვი მლეთაზე ამოუტანია დადიანის ქალიშვილს, რომელსაც დიდი ცოდვები ჩაუდენია. მონანიების მიზნით აღთქმა დაუდია უფლის წინაშე, რომ იგი საკუთარ ქედზე დაიდებდა ჯვარს უფლის სადიდებლად წმიდა გიორგის მეოხებით და ამ მძიმე ტვირთით ფეხშიშველი ავიდოდა სალოცავში. მართლაც, აღუსრულებია აღთქმა ქალიშვილს, რა დღიდანაც ითვლება, რომ გამოისყიდა ცოდვები წმიდა გიორგის მეოხებით. ამის შემდეგ ჯაჭვი წმიდა გიორგის ეკლესიაში დარჩა და იმ დროიდან მოსახლეობა ცდილობს ამ რიტუალის გამეორებას.
ლომისობა ადრექრიტიანული დღესასწაულია და დაკავშირებულია ქრისტიანულ სარწმუნოებასთან.
დეკანოზი დავით დათუაშვილი (წმიდათა მთავარანგელოზთა სახელობის ტაძრის წინამძღვარი):
“მეცნიერმა სერგი მაკალათიამ გამოთქვა მოსაზრება, რომ ლომისობის დღესასწაული მიეკუთვნება წინაქრისტიანულ პერიოდს, ანუ თითქოს თავისი საფუძვლით ეს დღესასწაული წარმართული გახლავთ და მიმდინარეობს წარმართული დღესასწაულის ელემენტებით.
ამის გარდა სხვა მოსაზრებებიც არსებობს. მაგალითად, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი ასმათ ოქროპირიძე რომელიც ამტკიცებს, რომ ეს გახლავთ ადრექრისტიანული და არა წინაქრისტიანული, ანუ წარმართული დღესასწაული.
მისი მტკიცებით ასე ლაგდება ლოგიკურად:
“ქართლის ცხოვრებიდან” კარგად ვიცით წმიდა ნინოს ცხოვრება. როდესაც წმიდანი შემოვიდა საქართველოში და იქადაგა სარწმუნოება, იგი ავიდა მცხეთის მოპირდაპირე მთაზე, ილოცა და აქვე სასწაულებრივად გამოჩნდა ცაში ამაღლებული მბრწყინავი ჯვარი. ეს მოვლენა საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, დღესასწაულად გამოაცხადა.
ნიშანდობლივია, რომ ლომისობის დღესასწაული ემთხვევა ამ დღეს. ქალბატონი ასმათის მოსაზრებით, სწორედ იმიტომ ემთხვევა ეს ორი დღესასწაული ერთმანეთს, რომ მთაში ქრისტიანობის გავრცელება ასეთი სახით მოხდა, სასწაულებრივი გამოჩენა ქრისტიანული სიმბოლო ჯვარისა, გადაეცა მთის ხალხს როგორც დღესასწაული უშუალოდ ქრისტიანობის სიძლიერისა, რომელიც ხალხური ტრანსფორმაციით განხორციელდა იმ წმინდანში, რომელიც ქრისტიანული მრწამსის მოწამეობრივად და მედგრად დამცველი იყო ანუ წმიდა გიორგის პიროვნებაში.
თუ დავაკვირდებით, უფრო მეტად მთაშია ამ წმიდანის სალოცავები გავრცელებული და აქ განსაკუთრებულ პატივს მიაგებენ მას. საქრთველოში ნაქადაგები წმიდა გიორგის ცხოვრება გახდა ძალიან ადვილად მისაღები ქართველი ერისათვის. მისი ვაჟკაცობა, სასწაულმოქმედების უნარი შეისისხლხორცა ქართველმა ერმა და მითუმეტეს, მთის ხალხმა.
ეთნოგენეზისში, რომელიც მთაში ყალიბდებოდა, წმიდა გიორგის ხასიათი და თვისებები მისაღები, ახლობელი და მეტად გასაგები გახდა.
ასევე არსებობს დაახლოებით XIII საუკუნის გადმოცემა. როდესაც საქართველოს შემოესია ჯალალ ედ-დინი, მოაოხრა დიდი ტერიტორიები, მათ შორის მთიანეთი, 7 000 კაცი ტყვედ წაიყვანა თავის ქვეყანაში. სპარსეთის ტერიტორიაზე გადასახლებულ ადამიანებს თან წაუღიათ ჯვრები და გზოვანის წმიდა გიორგის ხატი, რომელიც მეტად პატივცემული იყო მთიელი ხალხის მიერ. ტყვეობაში მყოფი ადამიანები სპარსეთში რომ ჩავიდნენ, სასწაული მოხდა. ხატს ხორაზნის მხარე “შეუკრავს” – დედამიწას ნაყოფი აღარ გამოუღია, საქონელი გაბერწებულა. სულთანი დაინტერესებულა, თუ რატომ მოხდა ეს ყოველივე. მოუხსენებიათ, რომ ტყვეობაში მყოფ ადამიანებს თან ჰქონდათ ხატები, ჯვრები და ეს იყო უბედურების მიზეზი.
სულთნის ბრძანებით, ხატები და ჯვრები საკირეში დასაწვავად მოუთავსებიათ. ყველას თვალწინ გზოვანის ხატი უვნებლად ამოფრენილა საკირიდან და იქვე მოვლენილი თეთრი ხარის რქაზე დაბრძანებულა. სულთანს გადაუწყვიტავს, რომ ტყვეები გაეთავისუფლებინა.
გათავისუფლებული ადამიანები გამოემართნენ შინისკენ და როდესაც მივიდნენ არაგვისა და ქსნის გამყოფ ქედამდე, სადაც ამჟამად ლომისის წმიდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკური ტიპის ეკლესიაა, ხარი, სახელად ლომა, უსულოდ დაეცა. გადაწყვიტეს ამ ადგილზე წმიდა გიორგის ხატის საპატივსაცემოდ აეშენებინათ ტაძარი. რადგან ეს სასწაულმოქმედი ხატი ხარმა “ლომამ” ჩამოიტანა, ამიტომ ეკლესიას ლომისას წმიდა გიორგი უწოდეს.
ტაძრის აგებაში მონაწილეობა მიიღო იმ 7 000 ადამიანმა, რომლებიც ტყვეობაში იმყოფებოდნენ. ერთმანეთს აწვდიდნენ ქვებს, ნელ-ნელა აზიდეს და ააგეს კომპლექსი, სადაც დაბრძანებულია წმიდა გიორგის სასწაულმოქმედი ხატი და იმ პერიოდიდან ამ ადგილს ლომისას წმიდა გიორგის ეკლესია ეწოდება.
სამწუხაროდ, კომუნისტურ პერიოდში მოხდა დეგრადაცია ქრისტიანული სარწმუნოებისა საქართველოში, მათ შორის, მთაშიც და ის რიტუალები, რომლებიც სრულდებოდა ხალხის მიერ, იგივე ჯვრის მსვლელობით, ხატის გამობრძანებით, ლოცვით, აღსარებით, ზიარებით, რაც გახლდათ მთავარი მოვლენა კომუნისტურ პერიოდამდე, ჩაანაცვლა სისხლიანმა მსხვერპლშეწირვამ. ადამიანები აღსარებას აღარ ამბობდნენ, რადგან აღარ არსებობდა საღვთო მსახურება, არ ტარდებოდა წირვა-ლოცვა. ხევისბერებს “დეკანოზებს” უწოდებდნენ, თუმცა დეკანოზებთან მათ საერთო არაფერი ჰქონდათ, უბრალოდ ეს იყო ადრეული საუკუნეების გადმოძახილი.დეკანოზი, რომელიც იქ მართლაც ატარებდა წირვა-ლოცვას და იყო მმართველი პროცესისა, რასაც ლომისობა ეწოდება, ჩაანაცვლა საერო პირმა, რომელსაც ,,დეკანოზის’’ სახელი უწოდეს.
პატრიარქი ბრძანებს და ჩვენ უნდა დავუჯეროთ მას, რომ მთავარი ის არ გახლავთ ადამიანი იქ მიდიოდეს მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ცხვარი დაკლას, სისხლი გამოადინოს და ამით აღასრულოს თითქოს ქრისტესთან და სარწმუნოებასთან ურთიერთობა. შესაძლოა ცხვარიც დაიკლას, მაგრამ ეს უნდა მოხდეს იმ ადამიანთა გამოსაკვებად, რომლებიც ღამის თევით მიდიან და ესწრებიან ღმრთისმსახურებას. მთავარი აქცენტი გადატანილი უნდა იყოს საეკლესიო წირვა-ლოცვაზე.
ბოლო წლებში, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, ქვედა მლეთაში აღდგა წირვა-ლოცვა. უკვე რამდენიმე წელია ტარდება ღვთისმსახურება. რამაც საკმაოდ დიდი გავლენა მოახდინა იქაურობაზე. ადამიანები იქ უკვე მიდიან არა მხოლოდ სისხლიანი მსხვერპლშეწირვისათვის, არამედ აღსარების სათქმელად და საზიარებლადაც.
ჯაჭვის შემოტარების რიტუალთან დაკავშირებითაც მოხდა დევალვაცია იდეისა იმ თვალსაზრისით, რომ ადამიანები ცოდვების მიტევებას კი არ თხოულობენ, არამედ – ყოფითი პრობლემების მოგვარებას. თუ მივუდგებით ამ საკითხს ქრისტიანული მრწამსით, ეს არასწორი გახლავთ.
უნდა ვილოცოთ რწმენით და ისე ვითხოვოთ.
ისე, თბილისის საზოგადოების საყურადღებოდ მინდა ვთქვა, რომ ჩვენ დედაქალაქშიც არსებობს ლომისის წმიდა გიორგის სახელობის ტაძარი, რომელიც მდებარეობს გლდანის რაიონში. კერძოდ, მე-3 და მე-4 კვარტალს შორის ცენტრალურ გზაზე. ამ ტაძრის მშენებლობისას პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მის კედლებში ჩაყოლებულ იქნა ზედა და ქვედა მლეთის ტაძრებიდან ჩამოტანილი ქვები. ასე რომ, ვინც ვერ ახერხებთ მლეთაში ლომისას მოლოცვას, შეგიძლიათ ამ ტაძარს ეწვიოთ.
ყველას ვულოცავ ლომისობის დღესასწაულს. ღმერთმა ყველა დაგლოცოთ, გაგაძლიეროთ, მრავალ ლომისობას დაგასწროთ სიკეთითა და სიხარულით”.
ქეთი ჭელიძე
ambioni.ge