“მეტრონომი” დაუკავშირდა დედაქალაქის მერიის საქალაქო ტრანსპორტის სამსახურს და კომენტარი თხოვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომელიც თბილისში ავტობუსით მგზავრობის გაძვირებას ეხება. გავრცელებული ინფორმაციით მგზავრობა 80 თეთრამდე უნდა გაიზარდოს.
თუმცა “მეტრონომმა” მერიიდან პასუხი მიიღო და მას უცვლელად გთავაზობთ:
“თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაძვირების საკითხს არათუ არ გეგმავს, არამედ – არც განიხილება.
როგორც ცნობილია, თბილისის მერიისა და „იბიარდის“ თანადაფინანსებით ტენდერში გამარჯვებულმა „სისტრამ“ დედაქალაქს საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტების რეორგანიზაციის დეტალური გეგმა უნდა შესთავაზოს. იგი დედაქალაქისთვის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარების ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი იქნება.
„სისტრამ“ მერიას დედაქლაქში მოქმედი საზოგადოებრივი ტრანსპორტის თითოეული მარშრუტი რუკების, მარშრუტზე მოძრავი ავტობუსების რაოდენობების, გაჩერებების განრიგების, გადაჯდომის არეალების, ფეხით სავალი მანძილებისა და სხვა მნიშვნელოვანი ასპექტების გათვალისწინებით უნდა წარუდგინოს.
ამავდროულად, „სისტრა“ თბილისს გადასცემს სატრანსპორტო მოდელს – იმ სპეციალიზებულ პროგრამას, რომელიც ქალაქის სატრანსპორტო ქსელის შედგენისას გამოიყენება. იგი ქუჩათა ქსელსა და მგზავრთა გადაყვანასთან დაკავშირებული მონაცემების გათვალისწინებით ტრანსპორტის მოძრაობის მოდელირებას ახდენს.
თბილისის მერიის მიზანია, რომ თბილისში ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები მგზავრის ინტერესების გათვალისწინებით, ოპტიმალურად და მეტროპოლიტენის მუშაობასთან სინქრონულად დაიგეგმოს.
მრავალკომპონენტიანი კვლევის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი მგზავრთათვის მეტი კომფორტის შესაქმნელად ინტეგრირებული ავტომატიზირებული მგზავრობის საფასურის შეგროვების სისტემის შემუშავებასაც ითვალისწინებს.
„სისტრამ“ კვლევაზე მუშაობა მიმდინარე წლის აპრილში დაიწყო და 15 თვეში უნდა დაასრულოს. შემსრულებელ კომპანიას გადახდის ახალ სისტემაზე მუშაობა ჯერ არც დაუწყია. ამდენად, მოცემულ ეტაპზე ამ საკითხზე არანაირი წინადადება არ არსებობს.
გასათვალისწინებელია, რომ სამარშრუტო სქემის რეორგანიზაციის დოკუმენტი მერიისთვის სარეკომენდაციო ხასიათის იქნება და საჭიროების შემთხვევაში, დაკორექტირდება.
თბილისის მერია საზოგადოებრივი ტრანსპორტით მოსახლეობის მომსახურებაში სოციალურ საკითხს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს კომპონენტად მიიჩნევს. დედაქალაქი ყოველწლიურად საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეთა შეღავათიანი და უფასო მგზავრობის დასაფინანსებლად მიახლოებით 60 მილიონ ლარს ხარჯავს.
ამდენად, ზოგიერთი მედიასაშუალებით გავრცელებული ინფორმაცია მცდარია და არანაირად არ შეესაბამება სინამდვილეს”.