დედაქალაქში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის (მეტრო და ავტობუსი) ღირებულება შეიძლება 60%-ით გაიზარდოს. მიზეზი მერიის მხრიდან ერთიანი საბარათე სისტემის შემოღებაა, რომელიც მიკროავტობუსებს, მეტროს და ავტობუსებს გააერთიანებს. “მარშრუტკების” უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი. აღნიშნულ ინფორმაციას “რეზონანსი” ავრცელებს.
დედაქალაქის მერიამ მიკროავტობუსების, ავტობუსებისა და მეტროსთვის ერთიანი საბარეთე სისტემის შემოღება დააანონსა. ამასთან, მიკროავტობუსში ელექტრონული გადახდის აპარატი დამონტაჟდება, რადგან დაგეგმილია სამარშრუტო ტაქსების გადახდის ერთიან საბარათე სისტემაში გაერთიანება. სწორედ ეს პროცესი წარმოშობს კითხვებს, როგორ მოხდება ერთიან საბარათე სისტემაში სხვადასხვაფასიანი ტრანსპორტი. მიკროავტობუსების უდიდესი ნაწილით მგზავრობის ფასი 80 თეთრია, ხოლო ავტობუსითა და მეტროთი – 50 თეთრი.
მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობისას, გადაჯდომის შემთხვევაში, საათნახევრის განმავლობაში სარგებლობს მოქალაქე უფასო გადაადგილების შესაძლებლობით. თუკი ამ სისტემაში “თბილისის მიკროავტობუსიც” ჩაერთო, უცნობია, ბარათზე 30 თეთრი ფასში სხვაობა როგორ აისახება. ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა, მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი მიკოავტობუსით მგზავრობის ღირებულებასთან გათანაბრდეს. მით უმეტეს, რომ მსოფლიო ბაზარზე ნავთობის გაძვირებამ შეუქცევადი ხასიათი მიიღო და ყვითელი ავტობუსების სუბსიდირებას სულ უფრო მეტი თანხა სჭირდება ბიუჯეტიდან. მეტროს მემანქანეების გაფიცვის საფრთხის წინაშე მდგარმა მერმა პირდაპირ განაცხადა, რომ ბიუჯეტს არ აქვს სახსრები, დამატებითი ხარჯი გასწიოს.
კახა კალაძის თქმით, მერია უახლოეს დღეებში თბილისის ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტს წარადგენს. მისი ერთ-ერთი კომპონენტი საზოგადოებრივ ტრანსპორტში ერთიანი გადახდის სისტემის შემუშავებაა. ახალი სისტემა არა მხოლოდ საზოგადოებრივ ტრანსპორტს, არამედ მიკროავტობუსებსაც შეეხება.
“მეტრონომი” შეეცადა მერიასთან დაკავშირებას, მაგრამ მერია ამ თემაზე ჯერჯერობით კომენტარს არ აკეთებ.