საქმე ეხება სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და შპს ინტერნეიშენალ ივენთსის ხელშეკრულების შეუსრულებლობას, რომლის მიხედვითაც 2007 წელს „თბილისის სახელმწიფო საკონცერტო დარბაზი“ კომპანიას იჯარით გადაეცა, თუმცა 2010 წლიდან კომპანია არ იხდის შესაბამისს საზღაურს.
სულხან სალაძის თქმით, საიამ სააგენტოს განცხადებით მიმართა და ხელშეკრულების გაწყვეტა მოითხოვა, თუმცა უწყებისგან პასუხი არ მიუღია.
„სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 16 მაისის კორესპონდენციის მიხედვით, შპს ინტერნეიშენალ ივენთსს არ წარმოუდგენია განსახორციელებელი ვალდებულებების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია. გარდა ამისა, გადაუხდელი მართვის საზღაური 2018 წლის 14 მაისის მდგომარეობით შეადგენს 950,140 ლარს. ხოლო, დაკისრებული პირგასამტეხლო ამავე პერიოდზე 1,512,330 ლარს და 10,102 აშშ დოლარს.
დარიცხული დავალიანება მიუთითებს, რომ მმართველი პირი წლების განმავლობაში, 2010 წლიდან დღემდე, არ ახორციელებს ვალდებულების ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შესრულებას. არ იხდის მართვის საზღაურს და დაკისრებულ პირგასამტეხლოს მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა. ამასთან არ ასრულებს ხელშეკრულებით ნაკისრ სხვა ვალდებულებებს.
ხელშეკრულების შეწყვეტის მოთხოვნით საიამ უკვე მიმართა სააგენტოს განცხადებით, თუმცა უწყებისგან არანაირი პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. შედეგად, ადგილი აქვს სახელმწიფო საკუთრების არაეფექტურად გამოყენებას, რაც ზიანს აყენებს როგორც სახელმწიფო ბიუჯეტს, ასევე სახელმწიფოს ინტერესს სათანადოდ იქნას გამოყენებული დედაქალაქში არსებული საკონცერტო დარბაზი.
ეს ქმედება ბადებს ეჭვს ადმინისტრაციულ ორგანოსა და ზემოაღნიშნულ შპს-ს შორის არსებული შესაძლო უკანონო შეთანხმების შესახებ“, – წერია საია-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.