დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ შეუძლებელია სტრასბურგის სასამართლომ მიიღოს რამე სხვა გადაწყვეტილება, თუ არა ადამიანის უფლებების დარღვევის აღიარება და აგრესორის გამტყუნება.
მისი თქმით, შეუძლებელია საქართველომ არ მოიგოს ეს საქმე, რადგან სახეზეა ადამიანების წამება, არაადამიანური მოპყრობა და მკვლელობები.
“შეუძლებელია სხვაგვარი გადაწყვეტილება თუ აქ ძალიან დიდი პოლიტიკა არ ჩაერთო. მე სტრასბურგის სასამართლოს მიუკერძოებლობის, დამოუკიდებლობის და სამართლიანობის იმედი მაქვს. ის ყველაზე მაღალი და ყველაზე ავტორიტეტული ინსტანციაა საერთაშორისო დონეზე. შეუძლებელია სხვა ტიპის გადაწყვეტილების მიღება იმიტომ, რომ აქ არის ძალიან მკაფიოდ დადასტურებული ეთნიკური წმენდა, ადამიანების წამება, მკვლელობები, ღირსების შემლახავი მოპყრობა ქართველი ჯარისკაცების თუ რიგითი მოქალაქეების მიმართ. სახეზეა ასევე ნგრევა და სახლების შეგნებული დაწვა იმისთვის, რომ ადამიანებს არ ჰქონდეთ იქ დაბრუნების საშუალება და პრაქტიკულად საზღვრების გავლება, რომლის გადაკვეთის საშუალება ადამიანებს არ აქვთ. ეს ეხება როგორც ცხინვალის მიმართულებას, ასევე კოდორის ხეობას,” – განაცხადა სოზარ სუბარმა.
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, მინისტრმა აღნიშნა, რომ ეს არ იქნება მარტივი საქმე, რაც მხოლოდ საქართველოზე არ არის დამოკიდებული. მისივე თქმით, ევროპას აქვს რუსეთზე ზემოქმედების ბერკეტები იმისათვის, რომ მას გადაწყვეტილებების შესრულება აიძულოს.
“რაც შეეხება აღსრულებას, ეს არ არის მხოლოდ საქართველოზე დამოკიდებული. ამისთვის არსებობს ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი, რომელსაც აქვს ყველა ის ბერკეტი, რითიც შეუძლია ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე და აიძულოს გადაწყვეტილებების შესრულება. შეიძლება ეს არ იყოს მარტივი საქმე და არ იყოს 3-თვიანი პროცედურა, თუმცა ზეწოლა აუცილებლად გამოიღებს შედეგს. არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ რუსეთი თავის მხრივ, აშანტაჟებს ევროპულ სახელმწიფოებს იმით, რომ შეწყვეტს ევროსაბჭოს დაფინანსებას, გავა საერთოდაც ევროსაბჭოდან, მაგრამ დემოკრატიული სამყაროს ძალა მეტია, ვიდრე რუსეთის შანტაჟი,”- აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (II)” ზეპირი მოსმენა დაიწყო. საქმეზე დღეს ბოლო ზეპირი მოსმენა იმართება. სხდომის შემდეგ სასამართლო სათათბიროდ გავა, გადაწყვეტილება კი სავარაუდოდ, რამდენიმე თვეში გამოცხადდება.
საქართველოს რუსეთს ედავება 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის და შემდგომ პერიოდშიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით და მისი ოქმებით გარანტირებული ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა უხეშ და მასობრივ დარღვევებს. კერძოდ, საქართველო მიიჩნევს, რომ რუსეთმა სიცოცხლის უფლების, წამების აკრძალვის, არაჰუმანური და დამამცირებელი მოპყრობის, თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების, გადაადგილების თავისუფლების შესახებ ევროკონვეციის მუხლები დაარღვია.