თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში შესვლამდე ტელეწამყვანმა ინგა გრიგოლიამ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ თუ პოლიცია მას არ დაიცავს, ის საკუთარ თავის დაცვაზე თავად იზრუნებს.
“ამდენი წლის განმავლობაში პოლიციამ ვერ დამიცვა. მე მაინტერესებს, როცა ეს ადამიანი მემუქრება, როგორ უნდა ვიცხოვრო?! დამიცავს პოლიცია, თუ ვინმე სახლის კარს რომ შემომიმტვრევს დანა ავიღო ხელში?! ჩემს სახლთან არის კორპუსის დაცვა და მათაც ჰყავთ ნანახი ეს ადამიანი. მან იცის ჩემი სახლის მისამართი, ყველაფერი ჩემს შესახებ. მან ასევე იცის ჩემი მშობლების სახლი. იმედს ვიტოვებ, რომ ახლა მაინც, როცა კანონი არის ადევნებაზე, გამოძალვაზე, თუ სახელმწიფო ვართ, არ შეიძლება ასეთი რამ რეაგირების გარეშე დარჩეს. თუ მას პასუხისგებაში არ მისცემენ, კამერების წინ ვაცხადებ, ვიზრუნებ საკუთარი თავის დაცვაზე. მე არ მჭირდება ბოდიგარდები და მცველები, მე ვარ თავისუფალი ადამიანი და გადავწყვეტ, როგორ მოვიქცე”, – განაცხადა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ, რომ გუშინ ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში სტატუსი გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ 2011 წლიდან მოყოლებული მას უცხო მამაკაცი ემუქრება – სთხოვს რაღაც თანხას და ეუბნება, რომ მისი შვილის მამა და წამყვანის ყოფილი ქმარია.