შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, პირი, რომელმაც მთავრობის ადმინისტრაციასთან აქციის მონაწილეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვანია, ის 2003 წელს არის დაბადებული:
„17 მაისს თბილისში, ინგოროყვას ქუჩაზე, საქართველოს მთავრობის კანცელარიის შენობასთან მიმდინარე აქციის დროს, 2003 წელს დაბადებულმა ს. კ.-მ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა აქციაზე სიტყვით გამომსვლელ პირს – 1996 წელს დაბადებულ ნ. გ.-ს, რომელსაც სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა დახმარება.
ს.კ.-მ შემთხვევის ადგილიდან მიმალვა სცადა, რა დროსაც იგი სამართალდამცველებმა დააკავეს.
გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-მუხლის 1-ნაწილით, რაც ძალადობას გულისხმობს.“- აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ გუშინ მთავრობის კანცელარიასთან ჰომოფობიის და ტრანსფობიის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე ერთ პირს თავს დაესხნენ.
კერძოდ, ტრიბუნაზე გამოსვლისას ახალგაზრდა კაცს უცნობმა პირმა თავში ჩაარტყა და გაიქცა. თავდამსხმელი ადგილზე მობილიზებულმა პოლიციამ დააკავა.