კლუბ “ბასიანის” ერთ-ერთი დამფუძნებელი სოციალურ ქსელში სტატუსს წერს და აცხადებს, რომ კლუბის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია მიმდინარეობს.
“დებო და ძმებო,
დღეს 17 მაისია. ამ უსამართლო ქვეყანაში მხოლოდ ხალხის იმედიღა დამრჩა, ხალხის, რომელიც ხედავს ჩვენს სიმართლეს, რომელიც არასოდეს ხდება მანიპულაციის მსხვეპრლი, არ მიდის პროვოკაციაზე, არ მიდის სისხლისღვრაზე, არ სურს საზოგადოების გახლეჩვა – პირიქით, თვლის რომ ერთიანობაა ჩვენი სიძლიერე.
ჩვენი შიშები, რომ არ სურთ კლუბის დაბრუნება, საფუძვლიანია. ბოლო დღეებია მიდის მიზანმიმართული კამპანია ჩვენ წინააღმდეგ, ახლა, ჩვენი თანადამფუძნებელი ტატო გეთია ჰყავთ დაკითხვაზე დაბარებული.
სამოქმედო გეგმას უახლოეს მომავალში გაგაცნობთ, თუმცა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ მივცემთ უფლებას ჩვენი გულწრფელი პროტესტი სათავისოდ გამოიყენონ. არავის მივცემთ უფლებას მსაოფლიოში აღიარებული საკლუბო სცენა დაანგრიონ!
ჩვენი უკომპრომისო ბრძოლა გრძელდება, ხალხის მოთხოვნა უცვლელია – დაგვიბრუნეთ BASSIANI, დაგვიბრუნეთ ცეკვის უფლება, დაგვიბრუნეთ ჩვენი სახლი.
დაგვიდექით გვერდით!”, – წერს ნაჯა.
თბილისში 12-13 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობამ და ახალგაზრდებმა აქციები მას შემდეგ დაიწყეს, რაც 11 მაისის ღამეს, თბილისის ღამის კლუბებში შსს-მ სპეცოპერაციები ჩაატარა. შედეგად 8 ნარკორეალიზატორი დააკავეს, თუმცა ახალგაზრდებმა სამართალდამცველების მიერ კლუბებში ძალის გადამეტების გამო აქციები იმ ღამესვე გამართეს.
მოგვიანებით, აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა მიმართა, მათ ბოდიში მოუხადა და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდა. საბოლოოდ, თეთრი ხმაურის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეები პარლამენტის ტერიტორიიდან ავტობუსებით გაიყვანეს.
თეთრი ხმაურის მოძრაობამ აქციის დასასრულს განაცხადა, რომ ამ ერთი კვირის განმავლობაში შს სამინისტროსა და მინისტრის მიერ დანაპირების შესრულებას დააკვირდებიან. ამასთან 19 მაისს მორიგი აქცია დააანონდა.

