რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 15 მოსამართლის წინააღმდეგ, რომლებმაც 2014 წელს, ანტიკონსტიტუციურად ცნეს „ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია.“
ეს „დოკუმენტი“ 2014 წლის მარტში მიიღეს, რასაც მოჰყვა ე.წ. რეფერენდუმი ყირიმის და სევასტოპოლის რუსეთთან შეერთების საკითხზე.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ოფიციალურ ვებსაიტზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ „დისკრიმინაციული გადაწყვეტილებით“ უკრაინელმა მოსამართლეებმა დაარღვიეს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის პრინციპი – ხალხის თვითგამორკვევის უფლება, რომელიც განმტკიცებულია გაეროს წესდებით და საერთაშორისო პაქტით „სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ.“
საგამოძიებო კომიტეტის განცხადებითვე, უკრაინის საკონსტიტუციო სასამართლოს 15 წევრის მიმართ საქმე აღძრულია რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 136-ე მუხლით, რომელიც გულისხმობს „თანასწორუფლებიანობის და ადამიანის და მოქალაქის თავისუფლების დარღვევას.“
რუსმა ადვოკატმა, ვადიმ კლიუვგანტმა განაცხადა, რომ კოდექსის ეს მუხლი საკმაოდ ეგზოტიკურია და რუსეთში პრაქტიკულად არასდროს გამოყენებულა.