სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ქვეყნის მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შეწყვიტონ სხვადასხვა პრობლემის გამო მიმდინარე საპროტესტო აქციები. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო თავისუფლება წერს.
ფაშინიანის თქმით, სომხეთს ჰყავს ახალი მთავრობა, რომელიც ხალხის ნდობით სარგებლობს და სამოქალაქო დაუმორჩილებლობის აქციები ლოგიკასაა მოკლებული.
„ჩვენ გზებს ვკეტავდით იმიტომ, რომ არ გვყავდა ხალხის ნდობის მქონე მთავრობა, რომელიც პრობლემების მოგვარებით იყო დაკავებული, დღეს კი ასეთი მთავრობა არსებობს“ – განაცხადა პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა. ის მოქალაქეებს დაპირდა, რომ ყველა პრობლემური საკითხი ეტაპობრივად მოგვარდება.
უკვე რამდენიმე დღეა ერევნის მერიასთან მიმდინარეობს საპროტესტო აქცია მერის, ტარონ მარქარიანის გადადგომის მოთხოვნით. აქციის ზოგიერთი მონაწილე მერიის შენობაში შეიჭრა, რის გამოც მარქარიანმა დახმარება პოლიციას თხოვა.
ერევნის მერიასთან კონტრაქციას მართავენ ტარონ მარქარიანის მხარდამჭერები. სომხეთის დედაქალაქის მერი „რესპუბლიკური პარტიის“ წევრია. რესპუბლიკელების მმართველობის დასრულების მოთხოვნით, სომხეთში აპრილის შუა რიცხვებიდან მიმდინარეობდა ნიკოლ ფაშინიანის მიერ ორგანიზებული მრავალათასიანი აქციები.
შეგახსენებთ, რომ საპროტესტო გამოსვლების შედეგად 23 აპრილს, პრემიერმინისტრის თანამდებობიდან გადადგა „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერი სერჟ სარგსიანი. 8 მაისს, სომხეთის პარლამენტმა მხარი დაუჭირა პრემიერმინისტრად ოპოზიციური ფრაქციის „ელკის“ ლიდერის, ნიკოლ ფაშინიანის არჩევას.