“თანასწორობის მოძრაობის” ოფისში, სადაც რამდენიმე საათია მსჯელობენ ჩატარდება თუ არა ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღესთან მიძღვნილი აქცია, პატრული გამოიძახეს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის გამოძახება, სავარაუდოდ, დაპირისპირების გამო გახდა საჭირო. მოლაპარაკება დატოვა შეხვედრის რამდენიმე მონაწილემაც, მათ შორისაა ანა სუბელიანი, თუმცა არც ერთი მათგანი ჟურნალისტებთან არ საუბრობს რა ხდება “თანასწორობის მოძრაობის” ოფისში და რატომ გახდა საჭირო პატრულის გამოძახება.
ორგანიზაციის წევრები კვლავ აცხადებენ, რომ გადაწყვეტილება, ჩატარდება თუ არა ხვალ აქცია, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
“თანასწორობის მოძრაობაში” აქციის ჩატარებასთან დაკავშირებით, აზრი ორად არის გაყოფილი. ერთი ნაწილი თვლის, რომ ხვალინდელი აქციის უსაფრთხოება შესაძლოა არ იყოს დაცული და ე.წ მარშელების და ნეონაცისტური ორგანიზაციების მიერ თავდასხმა განხორციელდეს, ხოლო მეორე ნაწილს მიაჩნია, რომ მიუხედავად შესაძლო საფრთხისა, აქცია მაინც უნდა ჩატარდეს. აზრთა სხვადასხვაობა კი გუშინ, შსს-ში გამართული შეხვედრის შემდეგ გაჩნდა.
ხვალ, 17 მაისს, ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორიო დღეც აღინიშნება, რასთან დაკავშირებითაც თბილისში, 19:00 საათზე მთავრობის კანცელარიასთან “თანასწორობის მოძრაობის” აქცია გაიმართება. ლგბტ/ქვიარ აქტივისტები, მათი მეგობრები, ოჯახის წევრები და მხარდამჭერები, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და საქართველოს მოქალაქეები იკრიბებიან, რომ საზოგადოებას სიძულვილისა და აგრესიის დამანგრეველი შედეგები შეახსენონ.
მას შემდეგ, რაც 2013 წლის 17 მაისს თბილისში ჰომოფობიის წინააღმდეგ გამართული აქცია სასულიერო პირებმა და მათმა მხარდამჭერებმა დაარბიეს, საქართველოს პატრიარქის, ილია მეორის ინიციატივით, 17 მაისი საქართველოში ოჯახის სიმტკიცის დღედ გამოცხადდა.