იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი გამოეხმაურა პარლამენტთან გამართულ აქციებს “ჩვენი თავისუფლებისთვის”. მისი თქმით, მან მოისმინა, რომ “თეთრი ხმაურის” წევრმა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები უწოდა.
“პოლიციელიც ადამიანია, სამართალდამცველიც ადამიანია და თქვენ წარმოიდგინეთ, მინისტრიც ადამიანია. ამიტომ მე დღეს არ გამოვრიცხავ, ამ აუარება შეურაცხყოფის ტალღაში, რომელიც პოლიციელმა ორი დღის და მეტი დროის განმავლობაში ითმინა, დღეს ისევ დგას პოსტზე, ისევ დგას კანონის სადარაჯოზე, მაგრამ შეიძლება მას აქვს შეურაცხყოფის განცდა. მე მინდა გავამხნევო ისინი და ვუთხრა, რომ ჩვენც, მთავრობაც მოვყვევით ამ ლანძღვის ნიაღვარში მაგალითად, მე პირადად, ქუჩაში არ გამოვსულვარ, ამის უფლებას ჩემს თავს არ მივცემდი, მაგრამ ვუსმინე, როგორ გვეძახა ბატონმა ბექა წიქარიშვილმა მთავრობის წევრებს ძალაუფლებაზე შეყვარებული ბუშები, ოღონდ სხვა სიტყვით, აქ რა თქმა უნდა ჯორჯს და ბარბარას არ ვგულისხმობ. მაგრამ ამაზე პასუხი არ უნდა იყოს ძალადობა. პირიქით, ამაზე პასუხი უნდა იყოს დიალოგი. როდესაც ყველანი დავსერიოზულდებით, შემდეგ შევძლებთ სერიზოულ თემებზე საუბარს, მათ შორის ნარკოპოლიტიკაზე.”- აღნიშნა წულუკიანმა.
აქცია პარლამენტთან “ჩვენი თავისუფლებისთვის” 2 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ის კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” ჩატარებულ სპეცოპერაციებს მოჰყვა, სადაც იქ მყოფთა თქმით, სპეცრაზმელებმა სტუმრები ძალისმიერი მეთოდებით დაშალა. შსს-ს ცნობით დაკავებულია 8 პირი ნარკოტიკების შენახვა, შეძენა, გასაღების ბრალდებით. მათ სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

