როდესაც ვსაუბრობთ ლეგალიზებაზე, ეს ნიშნავს მოთხოვნას, რომ ნარკოტიკის მოხმარება იყოს ისევე კანონიერი, როგორც ქართული ღვინის. ამაზე სახელმწიფოს პასუხია – არა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისი თქმით, ქვეყნის მმართველი გუნდი მხარს არ უჭერს ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზებას. ინფორმაციას “1ტვ” ავრცელებს.
„საქართველოში ის გუნდი, რომლიც მართავს ქვეყანას, არ უჭერს მხარს იმას, რომ ნარკოტიკის მოხმარების ლეგალიზება, ანუ დაკანონება მოხდეს.
როგორი მძიმე რეაქციაც არ უნდა იყოს იმაზე, არა ბატონებო – კოკაინი, ჰეროინი და სხვა, ძალიან დიდია სია, ეს სია იზრდება ყოველდღე, ახალ გამოგონებებს გვთავაზობენ ნარკორეალიზატორები და მისი შემქმნელები, ვერ იქნება კანონიერი მოხმარება“, – განაცხადა წულუკიანმა.
რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, მინისტრის თქმით, ისინი მხედველობაში უნდა იყოს მიღებული.
„რაც შეეხება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებს, ჩვენ ვალდებულნი ვართ, ისინი მივიღოთ მხედველობაში, სხვანაირად უბრალოდ ვერ იქნება. რაც შეეხება დეკრიმინალიზაციას, ეს ნიშნავს იმას, რომ მომხმარებლისთვის მოხმარებაზე არ იყოს ციხე. ეს იყო, არის და იქნება ჩემი მიდგომა 2013 წლიდან. უბრალოდ, თუ ჩვენ გავაგრძელებთ ისე მსჯელობას, როგორც აკეთებდა რამდენიმე ადამიანი, შევალთ ისევ ჩიხში. კერძოდ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ მომხმარებელს სჭირდება ზრუნვა და ვინც არ არის მომხმარებელი, სჭირდება დაცვა. იმ სამუშაო ჯგუფში თუ ვიქნებით წარმოდგენილინი, ამ პოზიციას აუცილებლად დავიცავ“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.