ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუცნაშვილი: “კონტრაქციის წარმომადგენლების ხელისუფლებასთან დაკავშირება არალოგიკურია”

“ქართული ოცნების“ დეპუტატმა ზაქარია ქუცნაშვილმა განაცხადა, რომ “ქართულ მარშთან“ დაკავშირებული პირები და ჯგუფები ხელისუფლების დაკვეთით რომ მოქმედებდნენ, მაშინ ხელისუფლება კლუბებში შეუშვებდა არა პოლიციას, არამედ ამ ხალხს. ამის შესახებ ინფორმაციას “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

ქუცნაშვილის შეფასებით, კონტრაქციის წარმომადგენლების ხელისუფლებასთან დაკავშირება არალოგიკურია. დეპუტატის თქმით, არც ერთი და არც მეორე მხარე ხელისუფლების კონტროლს არ ექვემდებარება, რასაც ადასტურებს ის, რომ პასუხისგებაში არიან მიცემული როგორც “თეთრი ხმაურთან“, ასევე “ქართულ მარშთან“ დაკავშირებული ადამიანები.

“ვერსიის დაშვება, რომ “ქართულ მარშთან“ დაკავშირებული პირები თუ სხვა ჯგუფები ხელისუფლებისგან არიან მართული, არ შეიძლება. ხელისუფლებას რომ ასეთი ჯგუფების აქტიურობა სურდეს, მაშინ კლუბში შევიდოდა არა პოლიცია, არამედ ეს ჯგუფები და ესენი დაარბევდნენ. მაგ ლოგიკით ყველაზე ეფექტური იქნებოდა, რომ კლუბებში ესენი შესულიყვნენ, დაერბიათ და პოლიცია ჩადგებოდა შუაში“, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

რაც შეეხება გუშინ, რუსთაველის გამზირზე განვითარებულ პროცესებს, ქუცნაშვილის თქმით, ხელისუფლების მიზანი მხოლოდ იმაში მდგომარეობდა, რომ მცირე ჯგუფებს შორის სამოქალაქო დაპირისპირება არ მომხდარიყო, რა შედეგის მიღწევაც მოხერხდა.

“ტაქტიკურად სწორი გადაწყვეტილება მიიღეს იმ კუთხით, რომ არც ერთ მხარეს არ ყოფილა დარბევა და დარბევის მსხვერპლი. სამართალდამცავებმა დააშორიშორეს მხარეები და ადგილიდან გაიყვანეს. არც ერთი მხარე არ იყო დარბევისა და ძალადობრივი დაშლის მსხვერპლი“, – აღნიშნა ქუცნაშვილმა.

იტვირთბა....