სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ოჯახში ძალადობაში ბრალდებული ი.მ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ინფორმაციას ამის შესახებ პროკურატურა ავრცელებს.
“სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ ი.მ.-მ 2018 წლის 23 თებერვალს, ღამის საათებში, დედოფლისწყაროს რაიონში, მისსავე საცხოვრებელ სახლში, არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით, მეუღლის ჯ.ა.-ს მიმართ ჩაიდინა ძალადობა, რა დროსაც თავის არეში ხელისა და მობილური ტელეფონის მრავალჯერადი დარტყმით მას ფიზიკური ტკივილი და მსუბუქი ხარისხის დაზიანება მიაყენა.
სამართალდამცველებმა ი.მ. იმავე დღეს დააკავეს, მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 126 მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
სიღნაღის რაიონულმა სასამართლომ ი.მ. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 1 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, საიდანაც 6 თვეს პენიტენციურ დაწესებულებაში მოიხდის, ხოლო დანარჩენი 6 თვე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუწესდა 1 წელი”- ნათქვამია განცხადებაში.

