შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია “თეთრი ხმაურის” მოძრაობის წევრებთან და აქციის სხვა ორგანიზატორებთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს დეტალებზე ესაუბრა.
მისი თქმით, ისინი ერთმნიშვნელოვნად შეთანხმდნენ, რომ ნარკორეალიზატორები და ნარკორეალიზაცია არის ყველას ერთობლივი პრობლემა.
“შსს-ს აქვს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი, ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით, ვერავინ შეზღუდავს ნარკორეალიზაციასთან დაკავშირებით შსს-ს მოქმედების არეალს. ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც ჩვენ შეგვიძლია შემდგომ გავაგრძელოთ საუბარი. ამის შემდეგ შეგვიძლია ერთობლივი ინტერესებიდან გამომდინარე შეთანხმებას მივაღწიოთ, მაგრამ ეს არის ის პლატფორმა, რომელზეც შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ”- აღნიშნა მინისტრმა.
მისი თქმით, ის მზად არის შეხვედრაზე განიხილოს პარასკევის ღონისძიება დეტალურად და თუ დადასტურდა რომელიმე სამართალდამცველის მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, თუმცა მინისტრი ამბობს, რომ ომბუდსმენმა ვერც ერთი ასეთი ფაქტი ვერ გამოავლინა.
გახარიას განცხადებით, შეიქმნება ორი ჯგუფი – ერთი იმუშავებს ნარკოპოლიტიკის მიმართულებით. ხოლო მეორე იმსჯელებს პარასკევის ღონისძიებასთან დაკავშირებით და ეს იქნება დელეგირებული ომბუდსმენის ოფისში.
“ყველა თანამშრომელი შსს-სი რომელიც იყო კლუბში შესული, იყო აღჭურვილი სამხრე კამერებით. არც ერთი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტი არ ყოფილა დადასტურებული. მათი რაოდენობა “ბასიანში” დაახლოებით იყო 70.
პარასკევის ღონისძიება იმიტომ გახდა საჭირო, რომ შსს-ს აქვს სპეციალური საშუალებებით დადასტურებული 6 შემთხვევა სხვადასხვა კლუბებში, დღეის მდგომარეობის, 20 გადაღებული შემთხვევა ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციის ფაქტის.
შსს აცხადებს, რომ ბოლო 14 დღის განმავლობაში ღამის კლუბების არეალიდან 112-ში ნარკოტიკული ინტოკსიკაციის გამო გამოძახება და შემდგომ საავადმყოფოში გადაყვანის ფაქტები გაიზარდა ბევრჯერ და მათი რაოდენობა იყო 48. შსს იძულებული იყო განეხორციელებინა ეს ნაბიჯები”- აღნიშნა მინისტრმა.

