სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი აცხადებს, რომ ღამის კლუბების შემდეგ, ხელისუფლება უკვე “რუსთავი 2”-ს შეუტევს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი მზად არის, რომ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს. გვარამიას აზრით, მისი გამოსვლის ტექსტში იკითხებოდა, რომ ის ყველაფერზე წამსვლელია.
“ღამის კოშმარი, რომელიც კლუბებს მოუწყვეს, პირველი ნაბიჯია, რომელიც ივანიშვილმა გადადგა ქვეყნის შესაშინებლად და ხმამაღალი განცხადებისთვის. მე დავინახე, რომ ის მზად არის წავიდეს ყველანაირ ხერხზე, რათა ამ ქვეყანაში დიქტატურა დაამყაროს. ეს მესიჯები იკითხებოდა მის გამოსვლაში, ეს მესიჯები უპირველეს ყოვლისა მიემართებოდა მედიას და მე სრულიად დაწრმუნებული ვარ, რომ ჩვენ ვიქნებით შემდეგი. ოღონდ არავის არ ეგონოს, რომ აქ ბექა წიქრიშვილი და ბაია პატარაია მიიღებენ მონაწილეობას მოლაპარაკებებში და ჩვენ იმ რუტინაში ჩავყვებით ხელისუფლებას. არაფერს ჩვენ არ დავთმობთ.. არ გამოვა მეგობრებო ეს ამბავი”,- განაცხადა ნიკა გვარამიამ გადაცემაში “აქცენტები”
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.