“მეტრონომთან” საუბრისას “ქართული მარშის” ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ გუშინ გამართულ კონტრაქციაზე და საბოლოო შედეგზე გააკეთა კომენტარი და განაცხადა, რომ ქართველი ხალხისთვის მისაღები შედეგები დადგა.
“ჩვენი მიზანი იყო პარლამენტის წინ შეკრებილებს ტერიტორია დაეტოვებინათ. ჩვენ არ ვითხოვდით აქციის მონაწილეებთან მისვლას და იმ ტერტორიაზე შეშვებას. ეს იყო სპონტანური აქცია და იქ ადამიანებს სხვადასხვა მოთხოვნები ქონდათ და მე ჩემს ქმედებებზე ვაგებ პასუხს, ხოლო სხვის ქმედებებზე ვერ ვაგებ.
ადამიანები აღელვებულები იყვნენ და თავის შეხედულებებს გამოხატავდნენ სხვადასხვა გზით. ჩვენ არც გვქონდა და არც გვექნება ძალადობა მიზნად. ზუსტად ისე გავაკეთეთ ყველაფერი როგორც საჭირო იყო და ზუსტად ის შედეგი დადგა, რაც ქართველი ხალხისთვის მისაღები იყო”, – განაცხადა ბრეგაძემ.
ორი დღის განმავლობაში ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებდნენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეები პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას ითხოვდნენ, ასევე რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.
წუხელ აქცია მას შემდეგ დაიშალა, რაც აქციაზე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი ხარაია მივიდა და აქციის მონაწილეებს მაგიდასთან მოლაპარაკებები შესთავაზა. მინისტრმა ბოდიში მოუხადა აქციის მონაწილეებს და მათ ყველა მოთხოვნის განხილვა ნაბიჯ-ნაბიჯ შესთავაზა.