შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და თბილისის მერი კახა კალაძე კონტრაქციის მონაწილეებთან მოსალაპრალებლად მივიდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ: “სირცხვილი”.
რამდენიმე წუთის წინ აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან მიმართა და ბოდიში მოიხადა პარასკევს, კლუბებში ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლაზე. რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც უპირისპირდებიან მთავარი აქციის მონაწილეებს. ისინი ცდილობენ პოლიციის კორდონი გაარღვიონ და ტერიტორიაზე შევიდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზეა მობილიზებული ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.
უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომელმაც ბოდიში მოიხადა, აქციის მონაწილეები იშლებიან. თუმცა კვლავ იმყოფებიან ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები და ისინი მიუხედავად შს მინისტროს მოწოდებებისა, დაშლას არ აპირებენ. აქციაზე იმყოფებიან ჯონდი ბაღათურია, სანდრო ბრეგაძე, ირმა ინაშვილი და ე.წ. “ქართული მარშის” წევრები.

