“გახარიას მხრიდან გადადგმული ნაბიჯი იყო ღირსეული. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ პირველ რიგში ვართ კაცები, ადამიანები. ეს მეტყველებს იმაზე, რომ ჩვენ ვართ ხალხის ხელისუფლება. ვერაფერი აღმართავს ამ კედელს. ჩვენ ვართ უშუალო ადამიანები და გვაქვს პირდაპირი კომუნიკაცია მოსალხლეობასთან”- ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრის აქციაზე გამოსვლის შემდეგ თბილისის მერმა კახა კალაძემ განუცხადა.
მისი თქმით, იმ პრობლემებზე, რაც ქვეყანაში არსებობს მთავრობა მუშაობას დაიწყებშ:
“იმედი მაქვს, ჩვენ ყველა ერთად ვიბრძოლებთ ნარკორეალიზატორების წინააღმდეგ. ჯანსაღი ცხოვრება ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი მაქვს, ყველას ჩართულობის ამ პროცესებში” – აღნიშნა კალაძემ.
ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებს შს მინისტრმა გიორგი გახარიამ ტრიბუნიდან მიმართა და ბოდიში მოიხადა პარასკევს, კლუბებში ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლაზე.
რუსთაველის გამზირზე მობილიზებული არიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც უპირისპირდებიან მთავარი აქციის მონაწილეებს. ისინი ცდილობენ პოლიციის კორდონი გაარღვიონ და ტერიტორიაზე შევიდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზეა მობილიზებული ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.
უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.
გიორგი გახარიას განცხადების შემდეგ, რომელმაც ბოდიში მოიხადა, აქციის მონაწილეები იშლებიან. თუმცა კვლავ იმყოფებიან ადგილზე კონტრაქციის მონაწილეები.

