ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ეს თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა”: აქციის ორგანიზატორები შს მინისტრთან შეხვედრის შედეგებზე

აქციის ორგანიზატორმა ბექა წიქარიშვილმა აქციის მონაწილეებს შს მინისტრთან შეხვედრის შედეგების შესახებ მიმართა:

“ჩემო მეგობრებო, თანამებრძოლებო, ალბათ ყველა ხვდებით, რომ ესკალაციის რისკი რეალურად დიდია. ჩვენ გვაკისრებს ეს პასუხისმგებლობას. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ არ გვინდა დაპირისპირება, ვართ მშვიდობიანად პრობლემის მოგვარების პროცესში. მნიშვნელოვანია, სწორად შევაფასოთ სიტუაცია და ისე ვიმოქმედოთ.

შეთანხმებაზე პირველი რაც იყო, მინისტრმა გვითხრა, რომ ის გარკვეულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას არასდროს გაურბის. ხვალ მასთან ერთად განვიხილავთ პარასკევის ღამის მოვლენებს და ის მზად არის, რომ ვინც ჩაიდინა გადაცდომები, პასუხი აგოს ყველამ. შემდგომ, მივიღეთ დაპირება, რომ განახლდება ნარკოპოლიტიკის კანონპროექტზე მუშაობა და იქნება უახლოს დღეებში პროგრესი და მალე მივალთ შედეგამდე. ის მზადაა, რომ პირადადაც განაცხადოს ამის შესახებ, საჯაროდ. დაველოდებით მის საჯარო განცხადებასაც. ეს არის ის, რაც შემოგვთავაზეს”- განაცხადა წიქარიშვილმა აქციაზე.

აქციის მონაწილეები უკმაყოფილოები არიან მინისტრთან შეხვედრის შედეგით. ისინი ფიქრობენ, რომ მინისტრმა ბოდიში უნდა მოიხადოს პარასკევს, კლუბებში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აქციის ორგანიზატორებს შორის კამათი დაიწყო, რომ ეს თვალში ნაცრის შეყრის მცდელობაა. როგორც ბაია პატარაიმ აქციის მონაწილეებს მიმართა, ისინი მოილაპარაკებენ და მას შემდეგ გადაწყვეტენ რა მოიმოქმედონ. ჯერჯერობით აქცია კვლავ გრძელდება.

ცოტა ხნის წინ შს მინისტრი გიორგი გახარია აქციის ორგანიზატორებთან სასაუბროდ მივიდა. რუსთაველის გამზირზე სიტუაცია დაძაბულია, იქ მობილიზებული არიან კონტრაქციის მონაწილეებიც, რომლებიც უპირისპირდებიან მთავარი აქციის მონაწილეებს. ისინი ცდილობენ პოლიციის კორდონი გაარღვიონ და ტერიტორიაზე შევიდნენ. ადგილზე დიდი რაოდენობით სპეცრაზმი და პოლიციაა მობილიზებული. ადგილზეა მობილიზებული ასევე წყლის ჭავლის მანქანებიც.

უკვე მეორე დღეა, რაც ახალგაზრდები თავისუფლების მოთხოვნითა და კლუბებში “ბასიანი” და “გალერი” სპეცოპერაციის შედეგად ძალისმიერი მეთოდებით ადამიანების დაშლას აპროტესტებენ. შსს-ს ცნობით, სპეცოპერაციის შედეგად 8 ადამიანია დაკავებული ნარკოტიკების შენახვა-რეალიზაციის მუხლით. თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით, აღნიშნული 8 პირი სპეცოპერაციამდე არიან დაკავებული და კლუბებში მიმდინარე სპეცოპერაციას და ძალისმიერი მეთოდებით ახალგაზრდების დაშლას არაფერი საერთო დაკავებებთან არ ჰქონია.

რუსთაველის გამზირზე, მეორე დღეა, რაც აქციის მონაწილეები ითხოვენ პრემიერ-მინისტრისა და შს მინისტრის გადადგომას, ასევე, რეპრესიული ნარკოპოლიტიკის შეცვლას.

 

იტვირთბა....