რუსეთის პრეზიდენტთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის სურვილი, სომხეთის ახლადარჩეულმა პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა გამოთქვა. მან განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერს 14 მაისს, სოჭში, ევრაზიის ეკონომიკურ ფორუმზე შეხვდება.
პუტინმა ფაშინიანს პრემიერმინისტრად გახდომა მიულოცა.
„ვიმედოვნებ, რომ თქვენი საქმიანობა მთავრობის სათავეში ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრული, ურთიერთობების სამომავლო გაძლიერებას, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის, ევრაზიული ეკონომიკური კავშირისა და კოლექტიური უსაფრთხოების შესახებ შეთანხმების ორგანიზაციის ფარგლებში პარტნიორულ ურთიერთობებს“, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის ტელეგრამაში.
შეგახსენებთ, რომ სომხეთის პრემიერმინისტრად ნიკოლ ფაშინიანი დღეს აირჩიეს. ფაშინიანის კანდიდატურას 59-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 42 წინააღმდეგი იყო. მან მინისტრთა ახალი კაბინეტი 15 დღეში უნდა წარადგინოს.