იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ ნარკოპოლიტიკის კანონპროექტთან დაკავშირებით რჩება რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი, საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს
ბესელიას თქმით, კანონპროექტზე მთავრობა, უწყებათშორისი საბჭო ყოველდღიურ რეჟიმში მუშოაბს.
“ჩვენ გვაქვს უკვე მნიშვნელოვანი პროგრესი გარკვეული კონსენსუსის თვალსაზრისით. არის რამდენიმე საკითხი, რომელზეც შეთანხმება არის საჭირო. ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა, რომელზეც ვფიქრობ, შეთანხმება იქნება. დოზები არის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შეუთანხმებელი რჩება. ეს არის ასევე დეკრიმინალიზაციის საკითხი და ამაზე ჯერ ერთი პოზიცია არ არის. ამ საკითხზე იყოფა პოზიციები, ამიტომ ამას სჭირდება შეჯერება.
საკონსტიტუციო სასამართლომ მარიხუანის, კანაფის ტიპის ნარკოტიკების მოხმარებასთან დაკავშირებით მოხმარების დეკრიმინალკიზაცია უკვე მოახდინა, რაც სისხლის სამართლის კოდექსში შესაბამის ცვლილებაში იქნება ასახული, მაგრამ დეკრიმინალიზაცია არ ნიშნავს ლეგალიზაციას. რჩება რამდენიმე საკითხი, რომელზეც საჭიროა პოზიციების შეჯერება და ამის შემდეგ დავიწყებთ საჯარო სხდომებს”, – განაცხადა ეკა ბესელიამ.
შეგახსენებთ, რომ 7 მაისს საქართველოს პარლამენტში ნარკოპოლიტიკის კანონპროექტის განხილვა 1 თვით გადაიდო.