ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ქარელის რაიონში ჭირისუფლებს სახლში სხვისი ცხედარი მიუსვენეს

ქარელის რაიონში. დევნილთა კორპუსებში მცხოვრები, 94-წლის ნინა ცისკაძის ცხედარი საავადმყოფოდან სოფელ ბრეთში, სხვის ოჯახში გადაასვენეს. გარდაცვლილი მაშინ ამოიცნეს, როდესაც ტახტრევანზე სუდარა მოხსნეს. ბრეთელ ჭირისუფლებს სარეცელზე ზნაურიდან დევნილი ქალის ცხედარი დახვდათ. ინფორმაციას qartli.ge ავრცელებს.

როგორც ირკვევა, ამავე დღეს, გორის საავადმყოფოში ორი ქალი გარდაცვლილა. ამათგან ერთ-ერთი, სოფელ ბრეთის მკვიდრი, 79-წლის ქალბატონი იყო. მეორე კი, – ზნაურიდან დევნილი, 94-წლის ქალი, რომელიც ქარელში, დევნილთა კორპუსში ცხოვრობდა.

როგორც ირკვევა, საავადმყოფოს პერსონალმა ცხედრებს სხვა და სხვა ტანსაცმელიც ჩააცვა.

94-წლის ნინა ცისკაძე ბოლო ერთი თვეა ქარელში, ყოფილი პროფტექნიკური სასწავლებლის შენობაში, შვილიშვილთან ცხოვრობდა. 2008 წლის ომის შემდეგ, ოკუპირებულ ზნაურის რაიონის სოფელ ახალშენში ცხოვრობდა და მარტში წითელი ჯვრის საზოგადოების წევრებმა გამოიყვანეს. ერთი კვირის წინ მისი მდგომარეობა დამძიმდა და საავადმყოფოში რეანიმაციულ განყოფილებაში დააწვინეს. რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ცხედარი კი, ორი დღის წინ დაკრძალეს.

,,როდესაც მივიტანეთ ტანსაცმელი საავადმყოფოში, გვითხრეს, რომ რეანიმაციულ განყოფილებაში შესვლა არ შეიძლებოდა, ხოლო გარდაცვლილს ჩვენ ჩავაცმევთო, რაშიც თანხა 40 ლარი უნდა გადაგვეხადა. არ მქონდა 40 ლარი და მივეცი 20 ლარი. ამის შემდეგ ველოდებოდით, როდის გამოასვენებდნენ. ქარელში ჩვენი მანქანით გადასვენებას ვაპირებდით” – ამბობს ნინა ცისკაძის რძალი.

ცისკაძეები საავადმყოფოს ეზოში დაახლოებით 2 საათი იცდიდნენ. მოულოდნელად, საავადმყოფოს ეზოში შემოვიდნენ ბრეთელები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოჯახში სხვა მიცვალებული მიუყვანეს:

,,მხოლოდ ამის შემდეგ შევიტყვეთ, რომ ჩვენი ნინა ბებო ბრეთში წაუყვანიათ,” – აცხადებენ ცისკაძეების ოჯახში.

 

იტვირთბა....