ახალი ამბები მთავარი სამართალი

8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი: შსს-ს მიერ ბოლო 4 თვეში ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები

შსს-ს ცნობით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე თურქეთის მოქალაქე დააკავეს. როგორც უწყებაში განმარტავენ, მისი დაკავების მიზნით სამი თვის განმავლობაში ინტენსიური ოპერატიული ღონისძიებები მიმდინარეობდა.

“სამართალდამცველები, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქის – ჯ.ე.-ს დაკავების მიზნით, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურ ოპერატიულ ღონისძიებებს ახორციელებდნენ. ამ პერიოდში არაერთი საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა, რის შედეგადაც, პოლიციამ ჯ.ე. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავა. ნივთმტკიცებად ამოღებულია სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“-ს შემცველი „ექსტაზის” 393 აბი. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 260-ე მუხლით მიმდინარეობს”- აცხადებენ უწყებაში.

მათივე ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს საქართველოსა და საფრანგეთის მოქალაქე, 1980 წელის დაბადებული ვ.ვ. ამოღებულია 12 აბი ნარკოტიკული საშუალება „სუბუტექსი“ და 4 კაფსულა „მეტადონი”.

“მოგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო 4 თვეში, მთელი ქვეყნის მასშტაბით, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, უკანონო ბრუნვიდან ამოიღო განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება: 8 კილომდე ჰეროინი, 1 კილოზე მეტი კოკაინი, 318 გრამი ახალი ფსიქოაქტიური და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის, ბუპრენორფინის შემცველი 3 456 აბი, ასევე, 1,5 კილოგრამი სინთეტიკური ნარკოტიკული საშუალება „მდმა“ და 650 გრამი სხვადასხვა სახის ფსიქოტროპული ნივთიერება.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები უკომპრომისო ბრძოლას აგრძელებენ და უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ ნარკოდანაშაულის პრევენციის, მისი დროულად გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით”- აცხადებენ შსს-ში.

იტვირთბა....