საქართველოს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი, განათლების სისტემაში ახალ რეფორმას აანონსებს. მისი თქმით, საუბარია უნივერსიტეტების საბაზისო დაფინანსების შემოღებაზე, ასევე აღნიშნავს, რომ პროფესიული სასწავლებლები სახელმწიფო უნივერსიტეტებს უნდა შეერწყას და მათი სახელი დაერქვას.
დაგეგმილ ცვლილებებს განათლების ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი „მეტრონომთან“ აკრიტიკებს და ამბობს, რომ ეს არის მარაზმატიკული და ქვეყნისთვის დამაზიანებელი გადაწყვეტილება, რომელიც უნივერსიტეტებს კორიფციაში ჩართავს.
შაშკინი ამბობს, რომ ასევე სასცილო ოყო იმ ფაქტის აღნიშვნა, რომ მას პრემიერმა სკოლებში შესვლა და მოსწავლეებთან გასაუბრება ურჩია. მისი განცხადებით, მასწავლებლებს და მოსწავლეებს, რომ მინისტრი უნდა უშუალოდ ესაუბრებოდეს, ამას პრემიერი არ უნდა ასწავლიდეს.
ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ მარაზმატიკულია პროფსასწავლებლების უნივერსიტეტების ქოლგის ქვეშ გადაყვანა. მისი თქმით, მსგავსი პრეცედენტი არცერთ სხვა ევროპულ ქვეყნებში არ მოიძებნება.
„ამდენი ხანი განათლების მინისტრი ჯერ ხმას არ იღებდა. ახლა ძლივს დაილაპარაკა და ნეტა საერთოდ არაფერი ეთქვა. ეს იყო სრული სისულელე, რაც მისგან გავიგე. სადმე გაგიგონიათ, რომ პროფსასწავლებლები უნივერსიტეტების ქოლგის ქვეშ არსებობდეს? ის რომ ბავშვები პროფსასწავლებლებში არ მიდიან ეს სახელის გამო არ ხდება.
მავნებლობაა ის გადაწყვეტილება, რომ უმაღლესი სასწავლებლები საბაზისო დაფინანსებაზე უნდა გადავიდნენ. ეს ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტებს დაფინანსება და თანხა მოჭრილად უნდა მიეცეს. ეს კი ქვეყანას ძალიან ძვირად დაუჯდება. ბევრ ადამიანს ეს არ ესმის რა არის.
შევარდნაძის და კომუნისტების დროს, სახელმწიფო უნივერსიტეტს მოჭრილი ბიუჯეტი ჰქონდა. ანუ სახელმწიფო აძლევდა ფულს. ეს არის კორუფციის წყარო, ფულის მოპარვის საშუალება და კონკურენციის მოსპობა. ახლა ყველა ამ უნივერსიტეტებს მოჭრილი ბიუჯეტი აქვთ, რომლებსაც ამ ფულისთვის კონკურენციაში შესვლა უწევთ, რადგანაც სხვა უნივერსიტეტმა უფრო მეტი სტუდენტი არ მოიძიოს. ახლა რისი გაკეთებაც სურთ, სახელმწიფო უნივერსიტეტები კონკრეტულ თანხას მიიღებენ და ამას თავად მინისტრი შეარჩევს.
ყოფილი სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილისგან სხვა მაინც არაფერს ველოდი. მინისტრი და მისი მოადგილეები საკუთარი სურვილით შეარჩევენ უნივერსიტეტებს ვის რამდენი თანხა გადაუხადონ. ეს კი კონკურენციას სრულიად მოსპობს, რითაც ახალგაზრდების ინტერესები დაზიანდება, თავად კი ფულს გააკეთებენ“,-განაცხადა „მეტრონომთან“ შაშკინმა.