ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ბრეგაძე: “ყველა იმ ადამიანის სახლთან გავმართავთ აქციას, ვინც ჩვენს განადგურებაში მონაწილეობს”

ვენ დავიწყებთ პირდაპირ მხილებას და გადავალთ კონკრეტულ ქმედებებზე. გავმართავთ აქციებს ყველა იმ ადამიანის სახლთან, რომლებიც “ქართული მარშის” განადგურების სქემაში არიან გარეულები, – აცხადებს სანდრო ბრეგაძე “მეტრონომთან” საუბრისას.

“მოშიმშილეები საპატიმროში შიმშილობას აგრძელებენ. მდგომარეობა მძიმეა და რამდენადაც ვიცი, ციხეში სასწრაფო დახმარების მანქანები იყვნენ შესულები. ჩვენ რამოდენიმე დღეში სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას ველოდებით. თუ სასამართლო დაკავებულებს არ გაათავისუფლებს, ჩვენ მივიღებთ მკვეთრ ზომებს. კონკრეტულად, ეს იქნება ყველასთვის სურპრიზი.

ჩვენ დავიწყებთ პირდაპირ მხილებას და გადავალთ კონკრეტულ ქმედებებზე. გავმართავთ აქციებს ყველა იმ ადამიანის სახლთან, რომლებიც “ქართული მარშის” განადგურების სქემაში არიან გარეულები. საუბარი მაქვს ნარკომოვაჭრეებსა და კლუბ “ბასიანზე”. ამ კლუბის უკან სერიოზული მაფიოზური დაჯგუფება დგას”, – განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ „ქართული მარშის“ ექვსივე წევრი სასამართლომ პატიმრობაში დატოვა, რასაც ხმაური მოჰყვა.

მოსამართლემ დაკავებულების: გიორგი ონიანის, ლუკა ნაცვლიშვილის, მიხეილ ამისულაშვილის, ლადო სადღობელაშვილის, ირაკლი დოლენჯაშვილის და ბექა რევაზიშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა, ნაკლებად მძიმე აღკვეთის ღონისძიებით არ შეცვალა.

“ქართული მარშის” წევრებს თავდებში დეპუტატები დაუდგნენ, მათ შორის დავით ჭიჭინაზე, თამაზ მეჭიაური, გია ჟორჟოლიანი, ემზარ კვიციანი და ადა მარშანია, თუმცა მოსამართლემ ბრალდებულები პატიმრობაში დატოვა.

ე.წ. ქართული მარშის წევრები რუსთავი2-ის ოფისსა და ჟურნალისტებს თავს დაესხნენ. აქტივისტებმა ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას და ტელეკომპანიის იურისტს, თამთა მურადაშვილს, თავისუფლება ნახევარი საათის განმავლობაში უკანონოდ აღუკვეთეს.

ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს სამაუწყებლო კომპანიის ჟურნალისტებს. ე.წ. ქართული მარში გიორგი გაბუნიას საკადრო ტექსტის შინაარსს აპროტესტებდა და აცხადებდა, რომ ჟურნალისტმა მათი რელიგიური გრძნობები შეურაცხყო.

იტვირთბა....