ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ხუნდაძე: ” ნარკოტიკების ნებსით თუ უნებლიე პოპულარიზაციამ გააძლიერა ინტერესი ახალგაზრდებში”

ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალებებისგან გარდაცვლილ ახალგაზრდებთან დაკავშირებით კომენტარს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე აკეთებს.

დეპუტატი აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში ნარკოტიკების მასობრივმა პოპულარიზაციამ ხელი შეუწყო ახალგაზრდებში ინტერესის ზრდას, რაც სავალალო შედეგზე აისახა. დიმიტრი ხუნდაძე მედიასაშუალებებს თხოვნით მიმართავს, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოონ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა.

„ნარკოლოგების მოსაზრებით, გარდაცვლილი ახალგაზრდები არ არიან წამალდამოკიდებული პირები, ისინი სავარაუდოდ, ერთჯერადი მომხმარებლები არიან. სწორედ ეს არის საგანგაშო, მთელი ამ თვეების მანძილზე ნარკოტიკების ნებსით თუ უნებლიე პოპულარიზაციამ გააძლიერა ინტერესი ახალგაზრდებში. ინტერესს აღვივებს და შიშის გრძნობას აქრობს ასევე სიტყვა – მსუბუქი ნარკოტიკი, რომელიც ახალგაზრდებს უვნებელი ჰგონიათ. რას ნიშნავს მსუბუქი და მძიმე ნარკოტიკი? ნარკოტიკი ყველა საშიშია სიცოცხლისთვის.

მივმართავ თხოვნით ყველა მედიასაშუალებას, სახელმწიფოსთან ერთად აწარმოეთ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდა. ეს ერთ-ერთი მძლავრი იარაღია მოსალოდნელი  შედეგების თავიდან ასაცილებლად. ბუნებრივია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მაქსიმალურად უნდა გაამკაცროს კონტროლი ნარკოტიკების გამსაღებლებზე. ჩვენ კი, პოლიტიკოსებმა უნდა შევიმუშაოთ ისეთი ნარკოპოლიტიკა, რის მიხედვითაც მომხმარებელს არ დავიჭერთ, მაგრამ ამასთანავე მაქსიმალურად შევამცირებთ რისკებს, რათა მომხმარებელთა რიცხვი არ გაიზარდოს. ჩვენ არ გვჭირდება ნარკოტიკების პოპულარიზაციით მიღწეული დეკრიმინალიზაცია, ეს საშიშია სახელმწიფოსთვის. დეკრიმინალიზაციას უნდა მივაღწიოთ ძლიერი ანტინარკოტიკული პროპაგანდით, რაშიც მედიის როლი გადამწყვეტია,“- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას თბილისში ორი ადამიანი გარდაიცვალა, რომელთა დაღუპვის ვერსიად პოლიცია ნარკოტიკული საშუალებით ინტოქსიკაციას ასახელებს.

იტვირთბა....